იოანე რუფუსი (Iōannēs Rufus), V ს. ბიზანტიელი ისტორიკოსი. პეტრე იბერის მოწაფე. წარმოშობით არაბი სამხრ. პალესტინიდან (ასკალონიდან). ბეირუთში სწავლობდა სამართლის მეცნიერებას. პატრიარქმა პეტრე ფულონმა ი. რ. ანტიოქიის მღვდლად აკურთხა. პატრიარქის გადაყენების შემდეგ იგი პალესტინაში დაბრუნდა, სადაც გაიცნო პეტრე იბერი და დაუახლოვდა მას. პეტრე იბერის გარდაცვალების შემდეგ მაიუმის ეპისკოპოსად დაინიშნა.
ი. რ-მა ბერძნ. ენაზე დაწერა ვრცელი მონოგრაფია „პეტრე იბერის ცხოვრება". თხზულება შეიცავს 150 ნაბეჭდ გვერდს. მასში დაწვრილებით არის გადმოცემული პეტრეს არა მარტო ბიოგრ. ცნობები მისი ჩამომავლობისა და ნათესაობის შესახებ (ხოლო რაკი იგი სამეფო საგვარეულოს წევრი იყო, ამიტომ იქ აღნიშნულია ქართველ მეფეთა სამი თაობა), არამედ მისი აზრები, საუბრები მეგობრებთან და მოწაფეებთან, უმთავრესად იოანე ლაზთან (პეტრე იბერის აღმზრდელი და თანამოკალმე). ი. რ. პეტრეს უწოდებს „ჩვენს პავლეს", "მეორე მოციქულ პეტრეს" და „მეორე მოსეს". თხზულების ბერძნ. დედანი დაკარგულია. დარჩენილია VI ს-ში შესრულებული სირიული თარგმანი.
ი. რ-ს ეკუთვნის აგრეთვე „პლეროფორიები" (დაწერილი 512–518), რ-თა უმეტესი ნაწილი აგებულია პეტრე იბერის მიერ გამოთქმულ შეხედულებებზე. ამ შრომით ავტორი მიზნად ისახავდა ქალკედონის საეკლესიო კრების (451) დადგენილებების განქიქებას.
თხზ.: პეტრე იბერის ცხოვრება, [წიგნში] გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973.
ლ. მანიავა