იოანე საბანის ძე, VIII ს. მწერალი, ჰაგიოგრაფი; ავტორი „აბო თბილელის წამებისა", რომელშიც აღწერილია არაბი ჭაბუკის – აბოს მარტვილობა, მისი თავდადება ქრისტიანობისათვის. აბო არაბეთიდან ქართლში გამოჰყვა ნერსე ერისთავს, აქ იგი გაეცნო ქრისტ. სარწმუნოებას, უარყო მაჰმადიანობა და მიიღო ქრისტიანობა. არაბებმა მოსთხოვეს რჯულის უარყოფა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის 786 წ. თავი მოჰკვეთეს. აბოს წამებას დიდი საზ. რეზონანსი ჰქონდა. ქართ. ეკლესიამ წმინდანად შერაცხა იგი. ქართლის კათოლიკოსმა სამოელმა (780–790) საგანგებო წერილით მიმართა ი. ს. ძ-ს, აბოსთან დაახლოებულ პირს, და მისი წამების აღწერა სთხოვა. ი. ს. ძ-მ ქართ. ჰაგიოგრაფიული მწერლობის ბრწყინვალე ძეგლი შექმნა (786– 790), თხზულებას წაუმძღვარა სამოელ კათოლიკოსის ეპისტოლე და თავისი პასუხი. კათოლიკოსის მოკრძალებული ტონი გვაფიქრებინებს, რომ ი. ს. ძ. საერო პირი უნდა ყოფილიყო. იგი დიდად განათლებული, სას. მწერლობის კარგი მცოდნე და გაწაფული მწერალი ყოფილა. სავარაუდოა, ი. ს. ძ-ს ეკუთვნოდეს აგრეთვე ერთი ძვ. საგალობელი აბო თბილელის შესახებ, შემონახული ჭილ-ეტრატის იადგარში (IX–X სს.; ხელნაწ. ეროვნ. ცენტრი, H–2123).
„აბო თბილელის წამება" 4 თავისაგან შედგება. I თავი დამრიგებლობითი ხასიათისაა, სადაც საუბარია აბოს მარტვილობის მნიშვნელობაზე; II და III თავებში აღწერილია აბოს ქართლში მოსვლა, მისი მოღვაწეობა და მოწამებრივი აღსასრული; IV თავი ჰიმნოგრაფიული ხასიათისაა და შეიცავს აბო თბილელის ქებას. თხზულების ეს ნაწილი ქართ. ორიგინ. ჰიმნოგრაფიის უძველესი ნიმუშია. აბოს მარტვილობის აღწერით ი. ს. ძ-მ მიზნად დაისახა ეროვნ. თვითშეგნების განმტკიცება. ქართველთა ეროვნ. გადაგვარების მიზნით არაბები ქართველებში მაჰმადიანობას ავრცელებდნენ. ასეთ ვითარებაში არაბი აბოს ქრისტ. სარწმუნოებაზე მოქცევა მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. მწერალს ეროვნ. თვითმყოფობის შენარჩუნების ძირითად საშუალებად ქრისტ. სარწმუნოების დაცვა მიაჩნდა. აბოს წამების ფაქტი მან გამოიყენა მაჰმადიანობასთან შედარებით ქრისტიანობის უპირატესობის დასადასტურებლად და ეროვნ.-სარწმუნოებრივი სიამაყის გრძნობის გასაღვივებლად. თხზულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არაბთა ბატონობით შევიწროებული და ეროვნ. გადაგვარების საფრთხის წინაშე მდგომი ქართველებისათვის. ი. ს. ძ-თვის დამახასიათებელია მკაცრად გააზრებული კომპოზიცია, თხრობის ლაღი და ხატოვანი მანერა, ღრმა დრამატიზმი.
ნაწარმოები მნიშვნელოვანი ისტ. წყაროა VIII ს. ქართლის პოლიტ.ეკონ. ცხოვრების, ეროვნ.-სარწმუნოებრივი იდეალების, საზ. ყოფის შესასწავლად. მოღწეულია X ს. ხელნაწერით. პირველად გამოსცა მ. საბინინმა (1882), მეორედ – კ. კეკელიძემ (1935), რ-მაც ნაწარმოები თარგმნა რუსულად (1956). გერმანულად თარგმნა შულცემ (1905), ლათინურად – პ. პეეტერსმა (1934).
თხზ.: წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი…, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.
ლიტ.: კეკელიძე კ., ადრინდელი ფეოდალური ქართული ლიტერატურა, ტფ., 1935; მ ი ს ი ვ ე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977.
შ. ონიანი