იოანეს (ჰოვანეს) დრასხანაკერტცი, დრასხანაკერტელი (889–931), სომეხი ისტორიკოსი. 897-იდან სომხეთის კათოლიკოსი. ავტორი თხზულებებისა „სომეხი მამამთავრების რიგი" და „სომხეთის ისტორია", რ-შიც აღწერილია სომხეთის თავგადასავალი ქვეყნის დასაბამიდან 914-მდე. განსაკუთრებით ფასეულია თხზულების ის ნაწილი, რ-იც IX ს. შუა ხანებს ეხება. აქ ავტორი სომხეთის ისტორიის პარალელურად, მასთან უშუალო კავშირში საქართველოს შესახებაც მრავალ საგულისხმო ცნობას გვაწვდის. ი. დ-ის ცნობით ეგრის-აფხაზეთის მეფე კონსტანტინე III-მ, რ-იც IX ს. დასასრულს და X ს. დასაწყისში ჩრდილოეთის, კერძოდ, ალანთა კარის მოსაზღვრე ქვეყნისათვის ენერგიულად იბრძოდა: „შეკრიბა ჯარი და გაემართა ჩრდილოეთის მხარით კავკასიის მთის ხევებით, რათა გუგართა ქვეყანა და ალანთა კარის ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ერთხელვე თავის ხელქვეით დაემორჩილებინა".
ი. დ. მოგვითხრობს ქართველთა კურაპალატ ადარნასეს ურთიერთობაზე სომხეთის სამეფოსთან. კერძოდ, იგი ადარნასეს „ქართველთა მეფედ" დადგენას მთლიანად სუმბატ სომეხთა მეფის დამსახურებად მიიჩნევს. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით ეს ცნობა გადაჭარბებულია, თუმცა შესაძლებელია სუმბატს, როგორც ძლიერი სახელმწიფოს წარმომადგენელს, მხარი დაეჭირა ადარნასეს გამეფებისათვის. ი. დ-ის შრომებში დაცული ცნობები ადასტურებს ქართ. სინამდვილეში შექმნილ ლეგენდას ბაგრატიონთა გვარის ღვთიური წარმოშობის შესახებ, რ-იც გაიზიარეს ჩვენმა მეზობელმა ხალხებმა (სომხებმა, ბიზანტიელებმა).
თხზ.: ცნობები საქართველოს შესახებ, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1937; სომხეთის ისტორია, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1965.
გ. მაისურაძე