იოანე ტარიჭისძე, XI–XII სს. ქართველი მთარგმნელი. ანტონ I-ის „წყობილსიტყვაობაში" (XVIII ს.) მას ეძღვნება ორსტროფიანი იამბიკო, რ-შიც ნათქვამია: ი. ტ-მ „გჳთარგმნნა წიგნნი, შეგჳმკო ეკლესია", საქართველოში „სწავლა განჰფინა".
„ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი ნუსხის გვიანდელი მინაწერის მიხედვით, რ-იც ს.-ს. ორბელიანს ეკუთვნის, ი. ტ. საზღვარგარეთ მოღვაწეობდა. იგი დაახლ. 1114 დაბრუნდა საქართველოში თეოფილე ხუცესმონაზონთან და არსენ იყალთოელთან ერთად. კ. კეკელიძე ი. ტ-ს ნეოპლატონიკოსად სახავს და მას მიაწერს ამონიოს ერმისის 2 თხზულების თარგმანს, რ-ებსაც სხვა მკვლევრები (ს. გორგაძე, ი. ლოლაშვილი) იოანე პეტრიწს მიაკუთვნებენ. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აღორძინების ხანის მწერლებს ი. ტ. შეიძლება ერეოდეთ იოანე პეტრიწში.
ლიტ.: იოანე პეტრიწი, სათნოებათა კიბე, ი. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1968; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
ი. ლოლაშვილი