გოთუა გიორგი სიმონის ძე

გოთუა გიორგი სიმონის ძე (14. I. 1871, სოფ. ძიმითი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 13. I. 1936, ბელგრადი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1918). 1902-იდან მსახურობდა 256-ე ღუნიბის და მე-8 კრასნოვოდსკის სარეზერვო ბატალიონებში. მონაწილეობდა 1904–05 რუს.- იაპონიისა და I მსოფლიო (1914–18) ომებში. თავდაპირველად მეთაურობდა ბატალიონს, შემდეგ კი რუს. საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში მყოფ „ღირსების საგანგებო ლეგიონს" საფრანგეთში. მისმა ლეგიონმა მოკავშირეთა არმიებს შორის პირველმა გაარღვია სახელგანთქმული „ჰინდენბურგის ხაზი", რისთვისაც მიიღო „საპატიო ლეგიონის" ორდენი. 1918-იდან ემიგრაციაში (იუგოსლავია) წავიდა. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით და საფრანგეთის „სამხედრო ჯვრით".

ლიტ.: К е p с н о в с к и й А. А., История русской армии, т. 1–4, М., 1992–94.

მ. გოგიტიძე