იოანე ღვთისმეტყველი

იოანე ღვთისმეტყველი, იოანე მახარებელი (გ. დაახლ. 26. IX. 110, ქ. ეფესო), ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. სახარების, გამოცხადებისა (აპოკალიფსი) და სამი ეპისტოლეს ავტორი.

ი. ღ. თავიდან იოანე ნათ­ლისმცემლის მოწაფე იყო, შემდგომ კი იესო ქრისტეს საყვარელი მოწაფე გახდა. იგი „სიყვარულის მოციქულადაც" იწოდება. მისი სახარებისა და ეპისტოლეების უმთავრესი თემა სიყვარულია.

უფლის მოციქულებიდან ი. ღ. ერთადერთია, რ-იც მოწამეობრივი სიკვდილით არ აღესრულა. მან 100 წელზე მეტხანს იცოცხლა. ქრისტიანული გადმოცემით, ი. ღ. იესო ქრისტესა და ღვთისმშობლის მსგავ­სად ხორციელად ზეცად ამაღლდა.

ი. ღ-ის იკონოგრაფიული ნიშანია არწივი, როგორც ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენის სიმბოლო, რის გამოც ქრისტეს მოციქულთაგან მხოლოდ მას ეწოდა „ღვთისმეტყველი". მართლ­მადიდებელი ეკლესია მოციქულის ხსენების დღეს 8(21) მაისს აღნიშნავს.

საქართველოში ი. ღ-ის სახელი სიყვარულსა და სიკეთესთან ასოცირდება. ძველი დროიდან მოყოლებული არაერთი ეკლესია-მონასტე­რია აშენებული ი. ღ-ის, იმავე იოანე მახარებლის სახელზე, მ. შ. გომისჯვრისა და სასხორის იოანე მახარებლის, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიები და სხვ.