იოანე ციბე (Iōannēs Tdzibos), VI ს. ბიზანტიელი სტრატეგოსი. პროკოპი კესარიელის გადმოცემით, ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა (527–565) ლაზიკეში გაგზავნა იოანე ციბედ წოდებული „კაცი არაწარჩინებულთა და არასახელოვანთა შთამომავალი, რომელმაც სტრატეგოსობამდე მიაღწია. ის იყო, რომ რომაელთა და ლაზთა ყველა საქმე გაამრუდა და არივ-დარია, მანვე დააჯერა იუსტინიანე ქვეყანაში ზღვისპირა ქალაქი აეშენებინა, სახელად პეტრა. იქ იჯდა ის ვითარცა აკროპოლისში, და ძარცვავდა ლაზთა ქონებას. ი. ც-მ შემოიღო ე. წ. მონოპოლი, თვით გადაიქცა მეწვრიმალედ და მთელი ამ საგნებით ვაჭრობის ზედამდგომელად".
ი. ც-ს წარმომავლობის შესახებ არსებობს ვარაუდი, რომ იოანე შეძლებული ლაზი, ლაზეთის გავლენიანი ფეოდალი იყო. შესაძლებელია, იუსტინიანემ იმის გამო, რომ სხვა პროვინციებიდან გაგზავნილმა მოხელეებმა ვერ შეძლეს ლაზეთში ვაჭრობის მონოპოლიის გატარება, გადაწყვიტა ეს მოვალეობა დაეკისრებინა ასეთი პირისთვის. ი. ც-ს მეტსახელი „ჯიბო", „ჯიბუ" სწორედ ლაზთა შორის გვხვდება. ეგრისის მეფე გუბაზმა და მისმა დიდებულებმა ვერ აიტანეს ბიზანტ. მოხელის ასეთი თვითნებობა და ირანის შაჰ ხოსროს მიმართეს დახმარებისათვის. ირანელთა და ეგრისელთა შეერთებულმა მხედრობამ ციხე-ქალაქი პეტრა აიღო. ი. ც. მიყენებული ჭრილობისაგან გარდაიცვალა.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979.