იოანე ჭყონდიდელი, ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი დაახლ. 1060 – 1110. იხსენიება სუნგელოზის ტიტულით.
XI ს. 50-იან წლებში, ჯერ კიდევ ერისკაცობაში, თავის ძმასთან პეტრიკთან ერთად თან ახლდა ბაგრატ IV-ს და დედოფალ მარიამს კონსტანტინოპოლში ბიზანტ. იმპ. კონსტანტინე IX მონომაქოსის (1042–54) კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ გიორგი მთაწმინდელს და ათონში დიდი შესაწირავი გაატანეს, რისთვისაც იოანეს და მის ძმას ათონში აღაპი დაუწესეს.
1059 მან ბაგრატ IV-ის დავალებით ქ. ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმინდელი, რ-ის ინიციატივითაც იოანე ჭყონდიდელად აკურთხეს. ი. ჭ. დაეხმარა გიორგი მთაწმინდელს საქართველოში მოუწესრიგებელი საეკლ. საქმეების გამართვაში; 1065 და 1066–67 ი. ჭ. ბაგრატ IV-ის ელჩი იყო ბიზანტ. იმპერატორის კარზე. ამ ელჩობის დროს მას გიორგი ხუცესმონაზვნისთვის უთხოვია, დაეწერა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება. ქართ. ეკლესიის მიერ ი. ჭ-ის ხსენების დღედ დადგენილია 3(16) იანვარი.
წყარო: გიორგი მცირე, ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 2, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1967.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ.,1966.
ბ. ლომინაძე