იობ მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი) (დ. 29. V. 1960, სოფ. სნო, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), სასულიერო მოღვაწე. 1978 ჩაირიცხა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ეკონ. ფაკ-ტზე. სტუდენტობის წლებში სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი იყო. 1982 საქართვ. საპატრიარქოში ეკონომისტად, 1983-იდან კი – საფინანსო-სამეურნეო განყ-ბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 1984 გაიწვიეს სამხ. სამსახურში. დაბრუნების შემდეგ კვლავ მუშაობა განაგრძო საპატრიარქოში არქივარიუსად. 1985 ჩაირიცხა მცხეთის სას. სემინარიაში.
1988 წ. 3 იანვარს ი. მ. სამთავროს მონასტერში ბერად აღიკვეცა. იმავე წლის 19 იანვარს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა, ხოლო 28 მარტს – მღვდლად. 1988 წ. 22 ივნისს დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად. 1989 ი. მ. მონაწილეობდა აჭარაში მოწყობილ მისიონერულ მოგზაურობაში. 1989 წ. 3 სექტემბერს იღუმენის პატივი მიენიჭა, იმავე წლის ოქტომბერში ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაიყვანეს აჭარაში სხალთის ახლად გახსნილ მამათა მონასტერში, 1990 წ. 28 აგვისტოს კი – ვარძიაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ი. მ-ს არქიმანდრიტის პატივი მიანიჭა. 1990 ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს ახლად ჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის განყ-ბის თავ-რედ დაინიშნა, იმავდროულად ასრულებდა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასაც.
1992 მაისში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით ი. მ. გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 1992 სექტემბრიდან დაინიშნა სას. აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად. იმავე წლის 25 დეკემბერს გადაიყვანეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად და ხულოს სას. სასწავლებლის რექტორად. ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მოღვაწეობის დროს მისი ძალისხმევით გაიხსნა მრავალი ეკლესია-მონასტერი, აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუბრუნდა ქრისტ. სარწმუნოებას.
1995 გაზაფხულზე წმ. სინოდის გადაწყვეტილებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ ი. მ. დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად, 1996 წ. 21 ოქტომბრიდან – რუის-ურბნისის ეპარქიის მმართველად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1996 წ. 25 დეკემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, 2000 დეკემბერში – მიტროპოლიტის პატივი. 2003 პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან და სათავეში ჩაუდგა საპატრიარქოს საღვთისმეტყველო და ლიტურგიკულ კომისიებს.
ი. მ. დაჯილდოებულია წმ. გიორგის უმაღლესი ორდენით (2007).