იოველის ქრონოგრაფია, ბიზანტიელი ისტორიკოსის იოველის მიერ (მისი ბიოგრაფია უცნობია) ლათინთა ბატონობის ხანაში (1204–61) დაწერილი თხზულება „მოკლე ქრონოგრაფია".
მასში აღწერილია ამბები დასაბამიდან ვიდრე 1204-მდე. 948-მდე ამბები გადმოცემულია გიორგი ამარტოლის „ქრონოგრაფიის" მიხედვით, ხოლო შემდგომი პერიოდის აღსაწერად ავტორი სარგებლობს იოანე სკილიცეს შრომით. „ი. ქ-ის" ბოლო ნაწილში მოთხრობილია ბაგრატ IV-ის ქალიშვილის მარიამის (მართა ყოფილის) ბიზანტიაში გათხოვებისა და შემდგომ მისი იქ მოღვაწეობის შესახებ. მარიამ დედოფალი მოხსენიებულია პატივით, როგორც მართა ავღუსტინა.
პუბლ.: იოველის ქრონოგრაფია, [წიგნში]: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 6, თბ., 1966.