„იონი“ (სააქციო საზოგადოება), ელექტროტექნიკური მანქანათმშენებლობის საწარმო. დაარსდა 1970 წ. 6 იანვარს ზესტაფონის რ-ნის (ახლანდ. მუნიციპალიტეტი) სადგურ სვირის ტერიტორიაზე, როგორც თბილ. ელექტრონულიონური ტექნოლოგიის სამეცნ.კვლ. ინ-ტის ზესტაფონის საცდელი წარმოება – იმ დროისათვის ამ პროფილის ერთადერთი ქ-ნა სსრ კავშირში. ინ-ტის დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო საქართვ. დამს. ინჟინერი და რაციონალიზატორი გ. პ. სამხარაძე.
1988 წ. 1 იანვარს საწარმო შეუერთდა შორაპნის სამეცნ.საწარმოო კომპლექსს „მარსს", 1991 კი კვლავ გამოეყო დამოუკიდებელ წარმოებად შეცვლილი სახელწოდებით – „ზესტაფონის ელექტრომექანიკური ქარხანა". 1994 ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა, „ი."
საწარმო ძირითადად ორიენტირებული იყო ელექტრონულ-იონური ტექნოლ. პროდუქციისა და ელექტრომოწყობილობების დამზადებაზე. ელექტრონულ-იონური ტექნოლ. პროდუქციიდან იგი უშვებდა მაღალი ძაბვის ნახევარგამტარულ გარდამქნელებს, მაღალი ძაბვის კაჟბადიან გამმართველებს, ასევე პოლიმერული დაფარვის მქონე ავტომატიზებული ხაზების სხვადასხვა მოდელს და სხვ. პროდუქცია მიეწოდებოდა საბჭ. კავშირის რესპუბლიკებს და გამოიყენებოდა სამრეწვ. საწარმოებში სხვადასხვა დანიშნულებით. შემდგომში სააქციო საზ-ბამ აგრეთვე აითვისა დროსელ-ტრანსფორმატორების, ზეთიანი და სახაზო ტრანსფორმატორების, ორ- და სამსადენიანი ზღუდარების გამოშვება, რ-ებიც ძირითადად წარმოადგენს მაკომპლექტებელ მოწყობილობას რკინიგზის მაგისტრალების ავტობლოკირებისა და სიგნალიზაციის კომუნიკაციებისათვის. ქ-ნა ასევე უშვებდა ფართო მოხმარების ელექტროსაქონლის ავტოტრანსფორმატორებს, აკუმულატორების ძაბვის გარდამქმნელებს (12/220ვ) და მის სამუხტ მოწყობილობებს. 2000–10 საწარმომ აითვისა ახ. პროდუქცია – კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურები კტპ და გკტპ, ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძები.
XX ს. 90-იან წლებში ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ საერთაშ. გამოფენაზე საწარმოს მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ, კერძოდ, მაღალი ძაბვის გამმართველმა, მიიღო უმაღლესი შეფასება და მედალი.
ი. თუთარაშვილი