იოსებ ალავერდელი, ამბა ალავერდელი, საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამა.
მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI ს. შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ მდ. ალაზნის მარჯვ. ნაპირას დააარსა ალავერდის მონასტერი (ააგო წმ. გიორგის ეკლესია, დასაფლავებულია იქვე).
მისმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთის ამ მხარეში ქრისტიანობის განმტკიცებას. ი. ა. იხსენიება ასურელი მამების – დავით გარეჯელის, შიო მღვიმელის – „ცხოვრებათა" მეტაფრასულ რედაქციებში (XII ს.). XVIII ს-ში შეადგინეს ი. ა-ის სვინაქსარული „ცხოვრება". გადმოცემით, ი. ა. თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისაგან, რ-ზეც გააკრეს იესო ქრისტე. ღირსი ი. ა-ის ხსენების დღეა 15 (28) სექტემბერი.
წყარო: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგ. 3–4, თბ., 1968–71.
ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, რედ. ს. მიქაბერიძე, თბ. – ათენი, 2003.
ბ. ლომინაძე