„იოსებზილიხანიანი“, „იოსებისა და ზელიხას" ლეგენდის სპარსული ლიტერატურული ვერსიების ქართული რედაქციები. პირველი მათგანი, XVI ს. ქართ. მწერლობის ანონიმური ძეგლი, მომდინარეობს ჯამის მიმბაძველთა წრეში შემუშავებული ვერსიიდან. მთარგმნელი თავისუფლად ეკიდება დედანს, განიცდის „ვეფხისტყაოსნის" პოეტიკის გავლენას (ტექსტში ერთგან იხსენიება ზაალი, ამიტომ ამ ვერსიას პირობითად ზაალისეულსაც უწოდებენ).
„ი-ის" მეორე ქართ. ვერსიის (1629) ავტორია თეიმურაზ I. თეიმურაზის თხზულების წყარო დაუდგენელია. კ. კეკელიძის აზრით, ეს არის „თავისებური კომბინაცია ბიბლიური ეპიზოდისა და მისთვის ცნობილი აღმოსავლური ვერსიებისა". „ი-ის" ქართ. ვერსიებს დიდი მნიშვნელობა აქვს აღმ. ვერსიების შესწავლისათვის.
გამოც.: ჯაკობია გ., „იოსებზილიხანიანის“ ქართული ვერსიები (კრიტიკული ტექსტი ლექსიკონისა და საძიებლის დართვით), ნაწ. 1, ტფ., 1927.
ლიტ.: გ ვ ა ხ ა რ ი ა ა., „იოსებზილიხანიანის" ქართული ვერსიების სპარსული წყაროები, ტ. 1, თბ., 1958; ქართული ხელნაწერი წიგნი. V–XIX საუკუნეები, თბ., 2012.
ა. გვახარია