იოსებ თბილელი, ერისკაცობაში – ს ა ა კ ა ძ ე (1620–88), საეკლესიო მოღვაწე, პოეტი; თბილ. მიტროპოლიტი. გიორგი სააკაძის ძმისწული. ი. თ. ქვათახევის მონასტერში აღიზარდა და იქვე აღიკვეცა ბერად. აქედან გარკვეული დროით ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად გადაიყვანეს. პ. იოსელიანის ცნობით, ნიკორწმინდიდან ქართლში დაბრუნებულ ი. თ-ს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ინიციატივით ოსმალთაგან გაუქმებული აწყურის ეპარქია ჩააბარეს იმ იმედით, რომ იქ მღვდელმსახურება აღდგებოდა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და მეფემ ი. თ-ს თბილისის მიტროპოლიტობა უბოძა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზ. ცხოვრებაში, იბრძოდა ცენტრ. ხელისუფლების განსამტკიცებლად. როგორც გიორგი XI-ის მომხრე, დაიღუპა განდგომილ არაგვის ერისთავთან ბრძოლაში.
ი. თ-ის პოეტურ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართ. პატრ. ეპოსის თვალსაჩინო ძეგლს, პოემა „დიდმოურავიანს" (1681–87), რ-იც უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართვ. ხალხის ბრძოლის ამსახველი გმირული ეპოპეაა. ი. თ-მა ხოტბა შეასხა გიორგი სააკაძეს; ამავე დროს, გამოკვეთა საზ. აზრი საქვეყნო გასაჭირზე, საზ. სამსჯავროზე გამოიტანა ერის ტკივილი და საწუხარი. „დიდმოურავიანი" მნიშვნელოვანი ისტ. წყაროცაა. იგი პირველად პ. იოსელიანმა გამოსცა 1851. ი. თ-ს ეკუთვნის აგრეთვე სას. შინაარსის თხზულებები: „ცხოვრება და მოქალაქეობა ალექსი კაცისა ღმრთისა", „წმიდანთა კრებათათვის", „ქება და წამება წმიდისა მარინასი, თქმული შაირად"; აგრეთვე „ანბანთქება". ი. თ. „ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი ინტერპოლატორია (დაურთო 67 სტროფი). მის სახელთანაა დაკავშირებული თბილ. სიონის ბ-კის დაარსება, რ-ისთვისაც ი. თ-ს მრავალი ხელნაწერი წიგნი შეუძენია.
თხზ.: დიდმოურავიანი, წგ.: ჩვენი საუნჯე, [ტ.] 4, თბ., 1960.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; ფ ი რ ც ხ ა ლ ა ი შ ვ ი ლ ი რ., იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანის" ხელნაწერული მემკვიდრეობისათვის, «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1975, N2; ქართული მწერლობა, ტ. 6, თბ., 1987; ც ა ი შ ვ ი ლ ი ს., შოთა რუსთაველი – დავით გურამიშვილი, თბ., 1974.
რ. ფირცხალაიშვილი