იოსებ სამებელი (1676 – IX. 1750), სასულიერო მოღვაწე, მესტამბე. წარმოშობით ქვაბულიძეების საგვარეულოდან.
თავდაპირველად იყო შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, 1696-იდან კი – სამების, ხოლო შემდეგ – წილკნის ეპისკოპოსი. ვახტანგ VI-ის რუსეთში წასვლის შემდეგ ისიც რუსეთს გაემგზავრა. ქართველმა ემიგრანტებმა ი. ს. ვორონეჟის მონასტერში მოაწყვეს. 1733 პეტერბურგში გადავიდა. 1734-იდან ნოვგოროდის მიტროპოლიტის თანაშემწე და იურის მონასტრის წინამძღოლი იყო.
რუსეთში ცხოვრების პერიოდში ი. ს-მა ხელი მოჰკიდა საგამომცემლო საქმეს; მონაწილეობდა წიგნების გადაწერაში. ქ. გურამიშვილთან ერთად პეტერბურგის მეცნ. აკადემიის სტამბაში ჩამოასხა ქართ. შრიფტი და იქვე დაბეჭდა „რუსულ-ქართული ანბანი". 1737 ბაქართან ერთად დააარსა სტამბა და დაიწყო ქართ. წიგნების ბეჭდვა-გამოცემა, მაგრამ 1743 ბიბლიის უნებართვოდ დაბეჭდვის გამო სტამბა დახურეს.
1750 ყიზლარში მიმავალი ი. ს. გზაში გარდაიცვალა.
ლიტ.: კ ა ს რ ა ძ ე ო., ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, თბ., 1973; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; ჟორდანია თ., მთავარ-ეპისკოპოსი იოსებ სამებელი და ქართული სტამბის საქმე XVIII საუკუნეში, «ივერია», 1884, N2, 3.
ო. კასრაძე