იოსებ ქართველი, აბესალამაშვილი (ა ბ ე ს ა ლ ა მ ი ა ნ ი) (1687 – XVIII ს. I ნახ.), დიპლომატი და ისტორიკოსი. გაქართველებული თბილისელი სომეხი, კათოლიკე.
ი. ქ-ის წარმომავლობის შესახებ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ერთნი მას სომეხად მიიჩნევენ (ინგლ. ისტ. ლ. ლოკარტი, სომეხი მემატიანე სარგის გილანეცი), მეორენი – ქართველად (ფრანგ. ისტ. ლუი ანდრე მამიე-კლერაკი, ვ. გაბაშვილი, თ. ნატროშვილი, ი. ტაბაღუა და სხვ.). თვითონ ი. ქ. თავისი ეროვნების შესახებ ამბობს: „Нации я грузинской из города Тифлиса" („ეროვნებით მე ქართველი ვარ ქალაქ ტიფლისიდან").
ი. ქ. ეკუთვნოდა თბილისის მოქალაქეთა გავლენიან გვარს. მამამისი იყო თბილისის ნაცვალი. დაწყებითი განათლება თბილისის კათოლიკე მისიონერთა სასწავლებელში მიიღო.
1698 კათოლიკეთა წინააღმდეგ თბილ. მოქალაქეების გამოსვლის დროს ი. ქ. მამასთან ერთად ქალაქიდან გააძევეს. იგი ევროპაში წავიდა, სადაც შეისწავლა ფრანგ. და იტალ. ენები. 1703–09 სწავლობდა ურბანოს კოლეჯში (რომი). საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის საგანგებო დავალებით ირანის შაჰის კარზე ელჩად გაგზავნილმა ანჟე დე გარდანმა ი. ქ. თარჯიმნად აიყვანა. მისი შუამავლობით გარდანს უნდა დაემყარებინა კავშირი ირანში მყოფ ქართველებთან. 1717 იყო ყაზვინში, შემდეგ 1723-მდე – ისპაანში, სადაც საფრანგეთის საკონსულოში თარჯიმნად მუშაობისას ფრანგულ ენაზე შეადგინა „მოხსენებითი ბარათი სპარსეთში უკანასკნელი სამოქალაქო ომის შესახებ" (1723 წ. 31 იანვ.). 1724-იდან ი. ქ. სტამბოლში იყო. იგი, როგორც თარჯიმანი, მონაწილეობდა სულთნის კარზე მყოფ დომენტი კათოლიკოსთან გამართულ მოლაპარაკებაში, იზიარებდა ანტიოსმალურ თვალსაზრისს და ოსმალეთთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდა საფრანგეთს. 1726 ი. ქ-ის ურთიერთობა საფრ. საელჩოსთან შეწყდა. მან სტამბოლში დიდი ვეზირის დავალებით თურქულ ენაზე ვრცლად აღწერა ირანში მომხდარი ამბები. ი. ქ-მა დაწერა რამდენიმე თხზულება, რ-ებიც მნიშვნელოვანი პირველწყაროა XVIII ს. I მეოთხედის ირანისა და ირან-საქართველოს ურთიერთობის შესასწავლად. ამ თხზულებებში არის ცნობები ირანში მოღვაწე ქართველების შესახებ (გიორგი XI, ქაიხოსრო ბატონიშვილი, ვახტანგ VI, ყულარაღასი როსტომი…).
ლიტ.: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ვ., იოსებ ქართველი – XVIII ს-ის დიპლომატი და ისტორიკოსი, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», ნაკვ. 32, თბ., 1955; მ ი ს ი ვ ე, იოსებ ქართველის ვინაობისა და მოღვაწეობის საკითხისათვის, «თსუ შრომები», 1965, ტ. 5, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, 116; ნატროშვილი თ., მასალები იოსებ ქართველის ბიოგრაფიისათვის, «მაცნე», 1969, № 5; მ ი ს ი ვ ე, ქართული ფეოდალური საზოგადოება და იოსებ ქართველი, ი ქ ვ ე, 1970, № 5; ტ ა ბ ა ღ უ ა ი., იოსებ ქართველის მოღვაწეობა ირანსა და თურქეთში 1717– 26, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 1976; Пайчадзе Г., Один архивный документ об Иосифе Грузине, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1976, N3.
დ. კაციტაძე