იოსებ ხუცესი

იოსებ ხუცესი, სასწაულთმოქმედი, მოხევე (გ. 1763), ი. ხ-ის ცხოვრების შე­სა­ხებ მწირი ცნობები არსებობს. ცნობილია მხო­ლოდ ის, რომ იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად. სავარაუდოდ, ი. ხ. პირველი ავიდა კავ­კასიონის ერთ-ერთ ულამაზეს მწვერვალ მყინვარწვერზე (5033 მ).

იოანე ბატონი­შვი­ლის „კალმასობაში" დადასტურებულია, რომ „იოსებ მოხევე მღვდელი, ესე იყო ფრიად სიწმინდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღვთისა აღვიდა მყინვარის მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა, და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრამისა მამათ-მთავრისა, რომელ ჯერეთ არავინ აღსრულ არს მთასა მას, და მოართო მეფესა ირაკლის ნაჭერი კარავისა მის, და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთ მოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა" (მცი­რე უწყება ქართველთა მწე­რალ­თათვის, «ძველი სა­ქარ­თვე­ლო», ტ. 1, ტფ., 1909, განყ. III).

მკვლე­ვართა აზრით, ი. ხ. მყინვარწვერზე ავიდა XVIII ს. II ნახევარში, გაცილებით ადრე, ვიდრე მწვერვალს დალაშქრავდნენ ევრ. ალპინისტები.

სა­ქართვ. სამოციქულო ეკლესიამ ღირსი ი. ხ. წმინ­და­ნად შერაცხა და ხსენების დღედ 7(20) ოქტომბერი დაადგინა.

ლიტ.: ბ ე რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ე., სპორტის ენციკლოპედია, თბ., 2006; კავკასიონზე. კრ., შემდგ. დ. ფურცელაძე, რედ. ნ. კეცხოველი, თბ., 1959; «საპატრიარქოს უწ­ყებანი», 2009, N30, 15–21 ოქტ.; ქართველ წმინდანთა ცხოვრება, რედ. ა. მიქაბერიძე, თბ.–ათენი, 2003.