იოჰანი სოლმის (XV ს., გერმანია), გრაფი. იგი გვაწვდის ცნობებს (1483) ქართველების შესახებ: „არის კიდევ ერთი ხალხი, იერუსალიმიდან შორს მცხოვრები, რომლის სამეფოც კასპიის მთებამდე გადაჭიმულა. ეს მამაცი და მძლავრი მოდგმაა... მათ GEORGIAN-ებს, ქართველებს უწოდებენ წმ. გიორგის სახელის მიხედვით, რ-იც მფარველად აურჩევიათ. ბევრი მათგანი ცხოვრობს იერუსალიმში და ფლობს მრავალ წმინდა ადგილს, კერძოდ გოლგოთას მთას და ნაპრალს, სადაც ჯვარი იდგა. აქ მათ საკურთხეველი უდგათ და ერთი მათგანი ყოველთვის იქ არის ჩაკეტილი, რათა ეს ადგილი დაიცვას. ისინი (ქართველები) გაშლილი დროშებით მიემართებიან იერუსალიმში და უკანვე ბრუნდებიან, ხარკს არავის უხდიან. სარკინოზები ვერ უბედავენ ხელყოფას, რადგან შიშობენ, რომ სამშობლოში დაბრუნებისას ქართველები შურს იძიებენ მათ მეზობელ სარკინოზებზე. ომში საქართველოს წარჩინებული ქალებიც მონაწილეობენ, რომლებიც ამორძალებივით ხმარობენ იარაღს".
ლიტ.: თ ვ ა რ ა ძ ე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII– XVI საუკუნეთა ისტორიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.
ა. თვარაძე