ირანული ენები, ინდოევროპულ ენათა ოჯახის ერთ-ერთი შტო. დამოუკიდებელ არსებობას იწყებენ ძვ. წ. II ათასწლეულის დამდეგიდან, როდესაც ხდება ამ ენებზე მოლაპარაკეთა მიგრაცია და ინდოირანული ენობრივი ერთიანობის დაშლა. ი. ე. დადასტურებულია უძვ. წერილობით ძეგლებში, რაც საშუალებას იძლევა თვალი მივადევნოთ ამ ენათა განვითარების ისტორიას დაახლ. 25–27 საუკუნის განმავლობაში. ძირითადად განასხვავებენ 2 ჯგუფს: აღმოსავლურსა და დასავლურს. გამოიყოფა ი. ე-ის განვითარების 3 პერიოდი:
1. ძვ. ი. ე. – ძვ. წ. II ათასწლ. დასაწყისიდან ძვ. წ. IV–III სს-მდე – მიდიური, ძვ. სპარსული, ავესტური, სკვითური. ძვ. სპარსული დადასტურებულია აკამანელთა მეფეების ლურსმულ წარწერებში (ძვ. წ. VI–IV სს.). ძვ. ი. ე. მდიდარი მორფოლ. სტრუქტურის მქონე ფლექსიური ენებია. სახელს აქვს 3 სქესი, 8 ბრუნვა, 2 რიცხვი (იშვიათად ორობითიც). ზმნური კატეგორიებიდან გვხვდება პირის, რიცხვის, დროის, კილოსა და გვარის კატეგორიები. მაგრამ უკვე ძვ. ირანულ ხანაშივე შეიმჩნევა რღვევის პროცესი, რ-იც სრულდება საშ. ი. ე-ში.
2. საშ. ი. ე. – ძვ. წ. IV–III სსიდან ახ. წ. VIII–IX სს-მდე – ე. წ. საშ. სპარსული, პართული, სოღდური, ხორეზმული, საკა, ტოხარული და სხვ. საშ. სპარსულის ანბანი შემუშავებული იყო არამეული დამწერლობის საფუძველზე. საშ. ი. ე-ში მოშლილია ფლექსია: მახვილის გადაწევის შედეგად მოიკვეცა ბოლოკიდური ელემენტები – ბრუნვისა და სქესის სუფიქსები, ფართო გასაქანი მიეცა აღწერით წარმოებას. ცვლილებები განიცადა ბგერითმა სისტემამ: მოხდა დიფთონგების მონოფთონგიზაცია (ai > ē, au > ō), ხშულთა სპირანტიზაცია და სხვ.
3. ახ. ი. ე. – ახ. წ. IX–X სს-იდან. ეს ენებია: ახ. სპარსული (ირანის ოფიც. ენა), ტაჯიკური, ავღანური (პუშტუ), ოსური, ქურთული, ბელუჯური, თათური, თალიშური და სხვ. თანამედროვე სპარსულში თვალში საცემია ცვლილებები ლექსიკაში (დიდი რაოდენობით ნასესხობები, განსაკუთრებით – არაბულიდან). სალიტ. ენას საფუძვლად უდევს თეირანის დიალექტი. დამწერლობაში გამოყენებულია არაბ. გრაფიკა (დამატებულია 4 ნიშანი სპეციფ. ბგერებისათვის). მორფოლ. სტრუქტურა ანალიზურია: არა აქვს სქესისა და ბრუნვის კატეგორიები; ზმნას აქვს პირის, რიცხვის, დროის, კილოსა და გვარის კატეგორიები; ფართოდაა გავრცელებული ანალიზური კონსტრუქციები.
ქართველებს განსაკუთრებით ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერ თობა გვაკავშირებდა ირანელებთან, რაც საუკუნეთა განმავლობაში განპირობებული იყო რთული ისტ.-პოლიტ. თუ რელიგ.-კულტ. ფაქტორებით. ამ ურთიერთობამ განსაზღვრა მრავალრიცხოვანი ნა სესხობების (საკუთრივ ირანულისა და ირანულის გზით – არაბულის) არსებობა ქართულში. ნასესხები ლექსიკა გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით და მოიცავს ანთროპონიმებს, პოლიტ.-ადმ., სამხ., რელიგ., ყოველდღიურ ყოფასთან დაკავშირებულ სიტყვებს. ნასესხობები განეკუთვნება ი. ე-ის სხვადასხვა დიალექტურ შტოს და სხვადასხვა ქრონოლ. დონეს (თუმცა ზოგჯერ სესხების წყაროს მკაცრი იდენტიფიკაცია გაძნელებულია). ქართულში შემოსულია ნასესხობები: სპარსულიდან – არმაზი – კერპი, ძვ. ქართველების მთავარი ღვთაება, შდრ. ძვ. სპარსული auramazdâ –„ბრძენი უფალი"; სავსებით სარწმუნო ჩანს ქართ. ეთნონიმების – სპარსი, სპარსული – დაკავშირება ძვ. სპარს. Parza (პროვინცია ირანის სამხრ.დას. ნაწილში, აქამენელებისა და შემდეგ სასანელების სამშობლო)... ავესტის ენიდან – დროშა, შდრ. ავესტური drapša; ეშმა „ავი", „ბოროტი", „ცოფიანი", „დემონი", შდრ. ავესტური adšma < aeš „მღელვარება", „შფოთი"... სკვითურ-ალანურ-ოსური ენებიდან – კაპოეტი „მტკნარი წყლის თევზი ერთგვარი", შდრ. ოსური kæf "თევზი" < cap (საერთო აღმოსავლეთირანული სიტყვა, ვ. აბაევი)... პართულიდან – ჟამი `დღე", „საათი", „სეზონი", „დრო", შდრ. ძვ. სპარს. Ĵamâna, სომხ. žamanak „დრო", „ასაკი". ქართ. და სომხ. სიტყვებში თავკიდური ž (ჟ) საშუალებას იძლევა სესხების წყაროდ აღვადგინოთ პართული ფორმა žaman, რ-ის უფრო ადრინდელი სახეა ქართულში დადასტურებული უსუფიქსო žam; აბჯარი (სომხურის გზით) „საჭურველი", „იარაღი", შდრ. პართული apmčâr, apmzâr საშ. სპარს. afzâr „ძალა", „იარაღი", სომხ. aučar, aučan... საშ. სპარსულიდან – საკუთარი სახელები: ვარდან, ირან. Wardân; პეროჟ, პეროზ, შდრ. საშ. სპარს. pdrôz; ნარიმან, შდრ. საშ. სპარს. ნარ „მამაკაცი", მენ „ფიქრი", „აზრი", ე. ი. „ვაჟკაცურად მოაზროვნე", „ვაჟკაცური სულისკვეთებისა"; მირიან, შდრ. საშ. სპარს. mihrân; ვახუშტი, შდრ. ძვ. ირან. Vahišta– „სამოთხე", საშ. სპარს. Vahišt; „შავის" აღმნიშვნელი ანთროპონიმებიდან ქართულში გვხვდება რამდენიმე ვარიანტი: შიოშ, შიაოშ, სიაუშ, შიოაოშ და სხვ. სამხ.-ადმ. თუ სხვა სახის ტერმინებიდან აღსანიშნავია: გუნდი „ჯარი", „რაზმი"... შდრ. საშ. სპარს. gund; სპე „არმია", „ჯარი", შდრ. საშ. სპარს. spâh; ასპარეზი „მოედანი", „სტადიონი", შდრ. საშ. სპარს. asp(u)râs, asprds; პიტიახში, შდრ. საშ. სპარს. byty’hš „მეორე, მეფის შემდეგ", "ირანის შაჰინშაჰის ნაცვალი"; ჯომარდი „რაინდი", შდრ. საშ. სპარს. jdvanmard < yuvânmart „ოსტატი", გადატანით – რამეში დახელოვნებული ადამიანი; ზენაარი „ფიცი", შდრ. საშ. სპარს. zdnhar „აღთქმა", „ფიცი"; ანდერძი (< ანდერზი), შდრ. საშ. სპარს. han-darz „რჩევა", „დარიგება"; ტახტი, შდრ. საშ. სპარს. tâxt „მეფის სავარძელი"; ახ. სპარსულიდან – საუთარი სახელები: ნესტან-დარეჯან, შდრ. ახ. სპარს. შესიტყვება nestandarjehân „ქვეყნად არ არის (ჩემი მსგავსი)"; გივი, შდრ. ახ. სპარს. Gôv; ზურაბ, შდრ. ახ. სპარს. Sohrâb (სავარაუდო ეტიმოლოგიით - „წითელი წყლისა"); ნოდარ, შდრ. ახ. სპარს. Nadar, ავესტური Naotara „ნორჩი"; სარდალი, შდრ. ახ. სპარს. sardâr „მეთაური"; ხიშტი შდრ. ახ. სპარს. xešt (საშ. სპარს. xišt) „ლახვარი", „შუბი"; აივანი, შდრ. ახ. სპარს. ayvan „დარბაზი", „კარიბჭე", „ღია გალერეა" და სხვა მრავალი. კლასიკური სპარსულიდან დაწყებული, ახ. სპარსულში, განსაკუთრებით თანამედროვე ენაში, დიდი რაოდენობით შემოდის და მკვიდრდება არაბ. სიტყვები, რ-თა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე სპარს. ენის განუყოფელი ნაწილია. ბუნებრივია, ეს სიტყვები სპარსულის გზით ქართულშიც შემოდის და ქმნის მასში არაბ. ლექსიკის ძირითად ნაწილს (საკუთრივ არაბულიდან ნასესხები ლექსიკური ერთეულები შედარებით მცირეა). ასე, ფონეტ. იერის მიხედვით სპარსულის გზას გვავარაუდებინებს სიტყვები: ალამი (სპარს. alam, არაბ. ’alam), ხოტბა, ეშხი და სხვა მრავალი.
როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულში შემოსული ირან. სიტყვების ნაწილი იმდენად დამკვიდრდა, რომ ამ სიტყვათა უცხ. წარმოშობა დღეს არ იგრძნობა. ისინი ექვემდებარებიან ქართულის გრამატ. მოდელს და იცვლებიან ქართ. ენობრივი ნორმების მიხედვით. მაგ., სპარსულიდან შემოსული ფანჯარა ქართულში კუმშვად-კვეცადი სიტყვაა: ფანჯრის... (შდრ. ქართ. კედლის, კატის და მისთ.), თუმცა ანალოგიური პროცესები უცხოა სპარსულისათვის. ამგვარი სიტყვები, ბარბარიზმებისაგან განსხვავებით, ქართ. ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრების ერთ-ერთი წყაროა.
ლიტ.: ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი მ., ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, I–II, თბ., 1966–96; Очерки по истории изучения иранских языков, М., 1962; W i n d f u h r G. Z., The iranian languages, L.–N. Y., 2009.
თ. ჩხეიძე