ირეთელი პოლიო

პოლიო ირეთელი

ირეთელი პოლიო (ნამდვ. სახელი და გვარი – პოლიევქტოს ანტონის ძე კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე) (9. I. 1876, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 10. IV. 1931, თბილისი), მწე­რა­ლი.

სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში, საიდანაც 1893 გარიცხეს რევ. საქმიანობისათვის. 1895–98 მასწავლებლობდა. 1899-იდან მუ­შაობ­და ამიერკავკ. რკინიგზის სამმართველოში. 1901 დააპატიმრეს რევ. მოღვაწეობისათვის, ხოლო 1903 გადაასახლეს ირკუტსკის გუბერნიის სოფ. ირეტში (აქედან მომდინარეობს ფსევდონიმი „ირეთელი").

მისი პირველი კორესპონდენცია (წერილი „ქადაგება ბორბალოში") 1895 გაზ. „ივერიაში" გამოქვეყნდა. 1899-იდან „კვალში" ბეჭდავდა სატირულ მოთხრობებსა და მინიატიურებს. იყო იუმორისტული ჟურნალების „შუამავლისა" (1908) და „სალამურის" (1911) ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რედაქტორობდა ჟურნ. „სხივს" (1910). 1908 სცენაზე დაიდგა, შემდეგ კი ცალკე წიგნად გამოქვეყნდა ი-ის პიესა „დამარცხებულნი". მასვე ეკუთვნის პიესები: „ბედნიერი დღე" (1913), „პირველი ზარი", „ფოლადის კაცი" (1924), „ნიაღვარი" (1925), ე. ნინო­შვი­ლის მოთხრობების მიხედვით გადაკეთებული „ქრისტინე" და „ჩვენი ქვეყნის რაინდი" (სათაურით „სოფლის გმირები").

1921-იდან ასევე თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „მნათობი", „ტარტაროზი" და „ნიანგი", თარგმნილი აქვს ლ. ტოლსტოის რომანი „აღდგომა" (1904, "ივერიის პრემია").

თხზ.: მოთხრობები, თბ., 1946; კედელი. მოთხრობები. მოგონებები. პიესები, თბ., 1964.

ვ. ცისკარიძე