ისააკიანი ავეტიქ სააკის ძე

ისააკიანი ავეტიქ სააკის ძე [19(31). X. 1875, ღაზარაპატი, ალექსანდროპოლის (ახლანდ. გიუმრი) მახლობლად, – 17. X. 1957, ერევანი], სომეხი პოეტი, სომხ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1943).

1889–92 სწავლობდა ­ეჩმიაძინის სას. სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ გაფიცვაში მონაწილეობისათვის. ჩა­მო­ვი­და თბილისში და დაუახლოვდა თბილისელ სომეხ მწე­რალ­თა წრეს (ო. თუმანიანი, ღ. აღაიანი და სხვ.). 1892–93 გამოაქვეყნა ლექსები თბილ. სომხ. ჟურნალში „ტარაზ" („მოდა"); ლექ­სების პირველმა კრებულმა „სიმღერები და ჭრილობები" (1898, ალექსანდროპოლი) პოეტს აღიარება მოუტანა.

ი-ის ლექსებში გაისმოდა ეროვნ. და სოც. ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძო­ლის მოტივები, რისთვისაც ბევრჯერ იყო რეპრესირებული. 1908 მეტეხის ციხეში იჯდა. 1911-იდან დიდხანს ცხოვრობდა საზღვარგარეთ. 1936 სა­ბო­ლო­ოდ დაბრუნდა სომხეთში. 1909 ჟურნ. „გეღარვესტში" („ხელოვნება") გამოაქვეყნა პოემა „აბუ-ლალა-მაარი" (ცალკე წიგნად გა­მო­ვი­და კონსტანტინოპოლში 1911; ქართ. თარგმ. 1929, 1963, 1968). პოემა თავისი სულისკვეთებით (ადამიანის სწრაფვა ბედნიერებისა და ნათელი მომავლისაკენ) ენათესავება ნ. ბარათა­­შვი­ლის „მერანს", ა. მიცკევიჩის „ფარისს" და სხვა მსგავს ნაწარმოებებს.

ი-ს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების კრებ. „მოთმინების ჩიბუხი" (1928), ლექსების ციკლი: „ჩვენი ისტორიკოსები და ჩვენი გუსანები" (1939), „ჩემს სამშობლოს" (1940) და სხვ.; აღსანიშნავია პოემა „სასმა მჰერი" (1919, ქართ. თარგმ. 1939). ლექსში „თავისუფლების ზარი" (1905) მყინვარწვერისა და მასისის სახით სიმბოლურად წარმოადგინა ­ქართვ. და სომეხი ხალხების მეგობრობა.

ქართ. თემაზეა და­წე­რი­ლი მოთხრობა „შაქრო ვალი­შვი­ლი" (1906), პროზაული ნაწარმოები „ქარ­თვე­ლი მგოსნის სიმღერა" (1937), ლექსი „თამარის სიმღერა" (1943) და სხვ. მისი ნაწარმოებები ნათარგმნი აქვთ ტ. ტაბიძეს, რ. თვარაძეს, გ. შაჰნა­ზარს, ი. აბაშიძეს და სხვ.

II მსოფლიო ომის წლებში გამოქვეყნებული პატრ. ლექსებისათვის ი-ს მი­ე­ნი­ჭა სსრკ სა­ხელმწ. პრემია (1946). მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა ენებზე.

თხზ.: ԵիկեҐ, ჰ. 1–4, Ե., 1958–59; რჩეული, თბ., 1955; რჩეული ლირიკა, თბ., 1975; საადის უკანასკნელი გაზაფხული, თბ., 1971.

ლიტ.: ა რ ვ ე ლ ა ძ ე  ბ., მეგობრობის ნათელი ფურცლები, თბ., 1975; ნაჰაპეტიანი მ., არველაძე ბ., ავეტიქ ისააკიანი, თბ., 1975; Ганаланян О. Т., Очерки армянской поэзии XIX–XX веков, 2 изд., Ер., 1964.

ბ. არველაძე