ისაია მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – ზურაბ მირდატის ძე ჭ ა ნ ტ უ რ ი ა) (დ. 12. IV. 1961, ქ. წალენჯიხა), ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი, სასულიერო მოღვაწე.
სწავლობდა მ. თოიძის სახ. პროფესიულ ტექნიკუმში. 1986 ჩაირიცხა თბილისის თეატრ. ინ-ტში. 1993 ი. მ. შეიმოსა მორჩილის სამოსით. 1994 სვეტიცხოვლის ტაძარში ბერად აღიკვეცა და იმავე წლის 24 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკვნად აკურთხა. მალევე ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და ასრულებდა მარტყოფის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას. 1995 ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის ი. მ-ს იღუმენის პატივი მიენიჭა. იმავე წლის 9 აპრილს ეპისკოპოსის ხარისხი ებოძა და ახლად შექმნილი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის საჭეთმპყრობელი გახდა. მისი ძალისხმევით ეპარქიაში ამოქმედდა არაერთი ეკლესია-მონასტერი. 2000 წ. 28 ნოემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 – მიტროპოლიტის პატივი.
2008 აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ცხინვალის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის შემოჭრის მიუხედავად, ი. მ-მა არ დატოვა ეპარქია და ბოლომდე გაიზიარა სამწყსოს ხვედრი.
მიღებული აქვს წმ. გიორგის პირველი ხარისხის ორდენი (2007) და უმაღლესი სას. ჯილდო სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით (2017).
ლიტ.: ვარდოსანიძე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010.