გოკიელი არჩილ პეტრეს ძე

ა. გოკიელი

გოკიელი არჩილ პეტრეს ძე [14 (27). VIII. 1903, ქუთაისი, – 30. XI. 1985, თბილისი], ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1949), პროფესორი (1954), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1963). 1925 დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი. 1926–30 მუშაობდა საქართვ. სახელმწ. საგეგმო და საფინანსო ორგანოებში. 1928-იდან კითხულობდა ლექციებს ფინანსთა სახალხო კომისარიატის სააღრიცხვო და საფინანსო კურსებზე, შემდეგ კი – თბილ. საფინანსო-კოოპერაციულ ინ-ტში; 1933-იდან მოღვაწეობდა თსუ-ში, სადაც 1937–38 იყო ეკონ. ფაკ-ტის დეკანი, 1958– 85 კი – სახ. მეურნეობის დაგეგმვის კათედრის გამგე. გ-ის სამეცნ. შრომებმა დიდი წვლილი შეიტანა საბჭ. ფინანსებისა და ვაჭრობის ეკონომიკის, აგრეთვე სახ. მეურნეობის დაგეგმვის პრობლემების შესწავლაში. მან იმ დროისათვის ერთ-ერთმა პირველმა მოგვცა საბჭ. ვაჭრობის არსის, ფუნქციებისა და როლის ყველაზე სრულყოფილი განმარტება. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

მ. ჯიბუტი