„ისანი-ქართუ“ (სააქციო საზოგადოება), ფეხსაცმლის ფაბრიკა თბილისში, ამ დარგის ერთ-ერთი უდიდესი და წამყვანი საწარმო საქართველოში. 1935 ამუშავდა თბილ. ფეხსაცმლის №1 ფ-კა. 1962 მის ბაზაზე შეიქმნა ფეხსაცმელების საწარმოო გაერთიანება „ისანი", რ-იც აერთიანებდა თბილ. ფეხსაცმლის N1 (შემდგომში – ფ-კა „ისანი") და N2 ფ-კებს, სამოდელო ფეხსაცმლის ფ-კას, სასპორტო ინვენტარის საწარმოს, ტყავ-საგალანტერეო საწარმოს და ფეხსაცმლის საფირმო მაღაზიას. უშვებდა ფართო ასორტიმენტის პროდუქციას, ყველა სახის დანიშნულებისა და კონსტრუქციის (ძირის მიმაგრების სხვადასხვა მეთოდით) საბავშვო, სპორტულ, ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელს (საშუალოდ 8 მლნ. წყვილს წელიწადში). საწარმოს მაღალკვალიფიციური მუშახელით უზრუნველყოფდა მის ბაზაზე არსებული პროფ. სასწავლებელი. ფ-კის პროდუქციის 10 მოდელს მიღებული ჰქონდა სახელმწ. ხარისხის ნიშანი.
1958 მისი პროდუქცია ბრიუსელის საერთაშ. გამოფენაზე ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 1965 საწარმოო გაერთიანება დაიშალა. 1972 შეიქმნა ახ. გაერთიანება, რ-ის შემადგენლობაში შევიდა ფეხსაცმლის ფ-კა „ისანი" (სათავო საწარმო) და მისი ფილიალები: ვარკეთილის, ახალქალაქის, წალკისა და მანგლისის ფ-კები, სადაც დასაქმებული იყო 5000-მდე ადამიანი. 1996 ფეხსაცმლის თბილსაწარმოო გაერთიანება დაიშალა და ფ-კა „ისნის" ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა „ი.-ქ.", რ-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა სააქციო საზ-ბა „ქართუ ჯგუფი". 1998 განხორციელდა საწარმოს ძირეული რეკონსტრუქცია, დამონტაჟდა ახ. ტექნოლ. ხაზები უახლესი მანქანადანადგარებით. თანამშრომელთა ნაწილმა გადამზადება საზღვარგარეთ გაიარა და დაეუფლა ფეხსაცმლის წარმოების იტალ. ტექნოლოგიას. 1998–2001 საწარმო აქტიურად თანამშრომლობდა იტალ. ფირმა „პრიმიჯთან" და თურქ. ფირმა „ზილანთან", რ-თა შეკვეთით შეკერილ ფეხსაცმელს მაღალი შეფასება ჰქონდა. „ი." უშვებდა საბავშვო, სპორტულ, ქალისა და მამაკაცის 120–150-მდე მოდელის ფეხსაცმელს, რ-ებიც გამოირჩეოდა ორიგინ. დიზაინით, დამზადებული იყო მაღალხარისხიანი ნატურალური ტყავისაგან და კონკურენციას უწევდა იმპორტ. ანალოგებს. გარდა ამისა, უშვებდა სპეცდანიშნულების ფეხსაცმელსაც. წარმოებული პროდუქცია მიეწოდებოდა როგორც ადგილ. ბაზარს, ასევე რუსეთს. 2003-იდან სააქციო საზ-ბა „ი.-ქ-მ" თავისი პროფილით შეწყვიტა ფუნქციონირება.
ლიტ.: დ ა უ შ ვ ი ლ ი ა., გიგაური ს., „ისანი" (თბილისის ფეხსაცმლის ფაბრიკა „ისანის" ისტორია), თბ., 1985.
ა. ჯანაშია