ისარი, სასროლი იარაღი. ი-ის შემადგენელი ნაწილებია: ზრო, თბე (ფრთა), კილო და ისრისპირი. ს.-ს. ორბელიანი ასახელებს ცხრა სახის ისარს: საყალნო, სარჩა, ქეიბური, ქიბორჯი, ბოძალი, ყოდალი, ღრჯა, სეფქა, წინწკიტელა. ისტ. წყაროებში დასახელებულია ი-ის სხვა სახეობებიც, მაგ., „უტევანი" (სწრაფი და შორს გასატყორცნი ი.), „წამლიანი ისარი", „პირალმასი ისარი", „ჩალხა ისარი" და სხვა.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი აღმოჩენილი ყველაზე უძველესი ისრისპირები მიეკუთვნება ზედა პალეოლითის ხანას და ძვლისგანაა დამზადებული. ნეოლით-ენეოლითში ჩნდება კაჟისა და ობსიდიანის, ხოლო მოგვიანებით – სპილენძის, ბრინჯაოსა და რკინის ისრისპირები. ამ პერიოდის ი-ის ზროები არ შემორჩა მათი ორგანული წარმოშობის გამო. ი-ის ზროს სიგრძე დამოკიდებული იყო მშვილდის ზომაზე. ჩვეულებრივი ი-ის სიგრძე დაახლ. 50-იდან 75 სმ-მდეა. გარკვეულია ისრისპირების შემდეგი სახეობები: პირგახსნილი, რომბისებური, პირბრტყელი, ფოთლისებური და სხვ., რაც მიუთითებს, რომ ისინი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა (სანადიროდ, სათევზაოდ, აბჯრის გასახვრეტად, სხეულის დასაზიანებლად, სასწავლოდ და ა. შ.). ბრტყელპირიანი ი., რ-საც ს.-ს. ორბელიანი „სარჩას" უწოდებს, გამოიყენებოდა თევზაობის დროს, მისი ბოლო მშვილდზე იყო მიბმული, რათა გასროლისას წყალში არ დაკარგულიყო; ქეიბური დიდი ზომის ი. იყო და გამოიყენებოდა დიდ ცხოველებზე სანადიროდ.
არსებობდა ორ, სამ და ოთხფრთიანი ი-ები, მაგ., ყოდალი – სამფრთიანი, სეფქა – ფრთამაღალი, საყალნო – ფრთადაბალი და ა. შ. ი. საბრძოლო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი იარაღი იყო, ამიტომაც მისი დამზადება მოითხოვდა სათანადო ცოდნას, რის საფუძველზედაც ჩამოყალიბდა მეისრეობის, ანუ ჯოლბორდის ხელობა.
ლიტ.: გ ვ ა ხ ა რ ი ა ა., კვლავ უტევანის შესახებ, ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, თბ., 1991; ელაშვილი ვ., მშვილდოსნობა, თბ., 1959; სულხან - საბა, ლექსიკონი ქართული, I, თბ., 1991.
მ. ქაფიანიძე