ისაყ I ჯ ა ყ ე ლ ი, ახალციხის ფაშა 1701–45 (დროგამოშვებით). მამა მცირეწლოვანს გარდაეცვალა და საფაშო ტახტი ბიძამ – სალიმმა წაართვა. სალიმის გარდაცვალების შემდეგ (1701) ფაშობაზე პრეტენზია განაცხადა სალიმის შვილმა ასლანმა. ბიძაშვილთან ბრძოლაში ი. I-მა რამდენჯერმე დაკარგა საფაშო ტახტი. დაახლ. 1718-იდან, ძალაუფლების საბოლოოდ განმტკიცების შემდეგ, იგი აქტიურად მონაწილეობდა 1723– 24 ოსმალთა მიერ სამხრ. კავკ. ქვეყნების და, კერძოდ, საქართველოს დაპყრობაში. 1727-მდე ი. I ორთუღიანი ფაშა იყო, ხოლო 1727, როდესაც მას საგამგებლოდ მთელი სამხრ. კავკასია ჩააბარეს, მესამე თუღიც მიუმატეს და ვეზირის წოდება უბოძეს, ე. ი. სულთნის სახელმწ. საბჭოს (დივანის) შემადგენლობაში შეიყვანეს.
1727, იესე მეფის გარდაცვალების შემდეგ, სულთანმა ი. I ქართლის მმართველად დაადგინა და კახეთის დაპყრობაც დაავალა. XVIII ს. 30-იანი წლების შემდეგ ი. I-ს მორჩილებდა საკუთრივ საქართველო, ლორე, ყაზახ-შამშადილი, შაქი. ი. I დაპყრობილ მხარეებში ცდილობდა ოსმალური სოც.-პოლიტ. სისტემის შემოღებას და მაჰმადიანობის გავრცელებას. მის დროს გახშირდა ლეკიანობა, ტყვეებით ვაჭრობა, გაუკაცრიელდა სოფლები და მხარეები. 1735, როცა ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა, ი. I თბილისიდან ახალციხეში ჩავიდა და სამემკვიდრო ტახტზე დაჯდა. 1737 ტახტი შვილს, იუსუფ III-ს დაუთმო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, 1744, ი. I მეოთხედ დაუბრუნდა ტახტს.
წყარო: ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება (1469–1800-მდე), ზ. ჭიჭინაძის გამოც., თბ., 1913; სეხნია ჩხეიძე, საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოც., თბ., 1913.
ლიტ.: თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902; ლ ო მ ს ა ძ ე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX ს. შუაწლებამდე), თბ., 1975; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, მ. დუმბაძის რედ., თბ., 1973.
შ. ლომსაძე