ისაყ II ჯ ა ყ ე ლ ი, ახალციხის ფაშა 1791–92, ჰასან ფაშას შვილი, ისაყ ფაშა I-ის შვილიშვილი.
სულეიმან ფაშას გარდაცვალების შემდეგ, 1791, ახალციხის ფაშობაზე პრეტენზიას ორი რეალური პრეტენდენტი აცხადებდა – სულეიმან ფაშას შვილი შერიფი და ჰასან ფაშას შვილი ისაყი. ტახტის დაუფლებისთვის ამტყდარი ბრძოლების შემდეგ სტამბოლმა ფაშობა ისაყს უბოძა. ი. II-ს ჯარმა არტანუჯის პატარა ფაშა შერიფი არტანუჯიდან გააძევა, მაგრამ 1792 პატარა ფაშამ არტანუჯი კვლავ დაიბრუნა და ახალციხეზე გაილაშქრა. ისაყს ჯარი (თარაქამები) ერეკლე II-მაც მიაშველა. შერიფ ფაშამ რიგრიგობით დაამარცხა თავდაპირველად თარაქამები, შემდეგ კი ისაყის ჯარებიც და 1792 ივლისში ახალციხეში შევიდა.
1793 ი. II-მ სცადა საფაშოს დაბრუნება, მაგრამ კვლავ დამარცხდა და ძმებთან ერთად ტყვედ ჩავარდა. მას გადასახლება გადაუწყვიტეს, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე დოღუბეიაზეთში, თავისსავე აგებულ სასახლეში ცხოვრობდა.