ისე წილკნელი, საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამა (იხ. ასურელი მამები). მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI ს. შუა წლებში.
იყო დიაკონი, იოანე ზედაზნელის მოწაფე. თავდაპირველად ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ ევლალე I კათოლიკოსის კურთხევით დადგინდა წილკნის ეპისკოპოსად. გააქრისტიანა საქართველოს ჩრდ. მთიანეთის მოსახლეობა, სადაც დაანგრია წარმართულ კერპთა ტაძრები და ააშენა ეკლესიები. დაკრძალულია წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში. ღირსი ი. წ-ის ხსენების დღეა 2 (15) დეკემბერი.
წყარო: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგ. 1, თბ., 1963; წგ. 3, თბ., 1971.
ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, რედ. ს. მიქაბერიძე, თბ. – ათენი, 2003.
ბ. ლომინაძე