ისიდორე (ერისკაცობაში – იაკობ სერგეის ძე ნ ი კ ო ლ ს კ ი) [1 (12). X. 1799, ტულის გუბერნია, – 7 (19). IX. 1892, სანქტ-პეტერბურგი), საქართველოს ეგზარქოსი 1844–58.
დაამთავრა პეტერბურგის სას. აკადემია მაგისტრის ხარისხით. 1825 წ. 22 აგვისტოს აღიკვეცა ბერად. 1829 დაინიშნა ორიოლის სას. სემინარიის, ხოლო 1833 – მოსკოვის სემინარიის რექტორად. 1834 წ. 11 ნოემბერს აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა დიმიტროვის ვიკარად. 1841 მთავარეპისკოპოსის წოდება ებოძა.
1844 12 ნოემბრიდან განამწესეს საქართვ. ეგზარქოსად. 1858 მიიღო მიტროპოლიტის ტიტული. ი., სხვა ეგზარქოსებისაგან განსხვავებით, შედარებით ლიბერალურ პოლიტიკას ატარებდა. მისი ინიციატივით 1852–57 საეკლ. მამულებიდან შემოსული თანხებით შეკეთდა მცხეთის, ალავერდის, ქვათახევისა და მარტყოფის მონასტრები. ი-ის ძალისხმევით რუსეთის სინოდმა სას. პირებს დაუნიშნა ჯამაგირი. მანვე მცხეთაში, დედათა მონასტერში, 1857 დააარსა ქალთა სასწავლებელი, ასევე მისი მითითებით ათონის მთიდან პ. იოსელიანმა ჩამოიტანა ექვთიმე მთაწმიდლის მიერ X ს-ში შესრულებული ბიბლიის ქართ. თარგმანი, რ-იც გადაწერეს და შესწირეს სამეგრელოს, იმერეთის ეპარქიებსა და თბილ. სიონის ტაძარს.
დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, აგრეთვე იმპერიის უმაღლესი, წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენით (1866) და ამავე ორდენის ალმასის ჯვრით (1872).
ლიტ.: ბ უ ბ უ ლ ა შ ვ ი ლ ი ე., XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ეგზარქოსები, წგ.: საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები, თბ., 2002; მ ი ს ი ვ ე, ცარიზმის ანტიქართული საეკლესიო პოლიტიკა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, «რელიგია», 2003, N1-2-3; ფერაძე ი., საქართველოს ეგზარქოსები, «მოგზაური», 1901, №4; Православная Богословская энциклопедия или Богословский энциклопедический словарь, т. 4, под ред. П. Лопухина, СПб., 1909.
ე. ბუბულაშვილი.