ისლიანი, მცენარეთა თანასაზოგადოება, რომელშიც გაბატონებულია ისლი. გავრცელებულია ყველა ზონაში, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტყის ზონის დაჭაობებული მდელოებისა და ქვედური ჭაობების მცენარეულ საფარში. წყალსატევებისა და მდორე მდინარეთა სანაპიროებზე, სადაც ზედაპირული წყლის დონე სეზონურად და წლითიწლობით მკვეთრად მერყეობს, განვითარებულია ორიგინალური ტიპის კოლბოხოვანი ი. (კოლბოხთა სიმაღლე ხშირად 1–1,3 მ-მდე აღწევს). ი. გვხვდება აგრეთვე უდაბნოში, ველებსა და მთებში.
კავკასიის მაღალმთიანეთის ი-ში უმეტესად გაბატონებულია Carex meinshauseniana, ხოლო უდაბნოსა და ველებში – Carex physoides, Carex pachystylis, Carex supina, Carex humilis და სხვ. ამგვარი ი. კარგ საძოვარ-სავარგულადაა მიჩნეული. ყვავილობამდე მოთიბული ი-ის თივა საკვები ღირებულებით მარცვლოვანთა ნამჯას უახლოვდება. იყენებენ სასილოსედაც.
კ. ქიმერიძე