ისმაილ I (17. VII. 1487, არდებილი, – 23. V. 1524, იქვე), სეფიანთა სახელმწიფოს დამაარსებელი. ირანის შაჰი (1501–24). სეფევიეს ორდენის შეიხის ერთ-ერთი ვაჟი.
1500–01 ყიზილბაში ტომების მხარდაჭერით დაიკავა ქ. თავრიზი, დაიმორჩილა აზერბაიჯანი. მომდევნო ათ წელიწადში დაიპყრო თითქმის მთელი ირანი, სომხეთი, შირვანი, არაბული ერაყი, ქურთისტანი, დიარბაქირი. 1512 შუა აზიისათვის ბრძოლაში დამარცხდა შაიბანიან უზბეგთან და მას 8 წლით დაუზავდა. სამხრ. კავკასიაში ბატონობისათვის დაუპირისპირდა ოსმალეთის იმპერიას. 1514 ჩალდირანთან ბრძოლაში დამარცხდა ოსმალეთთან და დაკარგა ქურთისტანი, დას. სომხეთი და არაბული ერაყი.
თანმიმდევრულად ატარებდა ქართ. სამეფო-სამთავროების დამორჩილების პოლიტიკას (იხ. ისმაილ I-ის ლაშქრობანი საქართველოში). 1518-იდან აღმ. საქართველოს მეფეები და სამცხის მთავარი სეფიანთა სახელმწ. ვასალები გახდნენ.
ი. I-მა სახელმწ. რელიგიად გამოაცხადა შიიზმი.
ი. I იყო პოეტი, წერდა ხათაის ფსევდონიმით.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ს ვ ა ნ ი ძ ე მ., საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV–XVIII სს.), თბ., 1990.