ალ-ისტახრი აბუ ისჰაკ ალ-ფარისი (დაახლ. 850–934), არაბი მოგზაური და გეოგრაფი. თავის თხზულებაში „წიგნი გზებისა და სახელმწიფოების შესახებ" („ქითაბ ალ-მასალიქ ვა ლ-მამალიქ") ავტორი მიმოიხილავს მუსლ. ქვეყნებს დას. ინდოეთიდან მაროკოსა და ესპანეთამდე. მოკლედ არის აღწერილი თბილისიც, რ-იც აღნიშნულია ი-ის მიერ შედგენილ სამხრ. კავკასიის რუკაზე. იგი წერს: „ტფილისი დარუბანდზე ნაკლებია და ორი კედელი აქვს თიხის. სიმდიდრით სავსე ადგილია, ხილ-ბოსტნეულისა და ნათესების უხვად მქონებელი; მრავალი საქონელი და თაფლი მტკვრით გააქვთ იქიდან. აქვს თბილი წყლები მსგავსად ტიბერიისა, უცეცხლოდ ცხელი. მთელ არანში ბარდავზე, დარუბანდსა და ტფილისზე უფრო დიდი ქალაქი არ არსებობს".
ლიტ.: ისთახრი, ჰოდუდ ალ-ალე მი, ჰამდალლაჰ ყაზვინი, თარგმ. შენიშვნებითა და საძიებლითურთ ვლ. ფუთურიძისა, თბ., 1937; К а р а у л о в Н. А., Сведения арабских географов IX–X веков, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», вып. 29, Тфл., 1901.
გ. ჯაფარიძე