„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, საქართველოს მეფის – თამარის ე. წ. პირველი ისტორიკოსის თხზულება (XIII ს.), რ-შიც აღწერილია თამარისა და მისი მამის, გიორგი III-ის ისტორია. თხზულების სრული ტექსტი შემონახულია „ქართლის ცხოვრების" მარიამისეულ და მაჩაბლისეულ ნუსხებსა და მცხეთური ნუსხის პირში. „ქართლის ცხოვრების" ვახტანგისეულ რედაქციაში იგი შერწყმულია თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულებასთან. ძეგლის ავტორი უცნობია. სხვადასხვა დროს მის ავტორად ვარაუდობდნენ ანტონ გლონისთავისძეს (თ. ჟორდანია), სარგის I თმოგველს (პ. ინგოროყვა), მანდატურთუხუცეს ჭიაბერს (ს. კაკაბაძე), არსენ იშხნელს (კ. კეკელიძე), შოთა რუსთაველს (ი. ლოლაშვილი).
აზრთა სხვადასხვაობაა თხზულების შედგენილობასა და დაწერის კონკრ. თარიღის თაობაზე. ზოგიერთი მკვლევრის აზრით (პ. ინგოროყვა, ს. კაკაბაძე), აქ ორი ავტორის სხვადასხვა ნაწარმოებია გაერთიანებული. პ. ინგოროყვას შეხედულებით, დაწერილია 1195-სა და XIII ს. I მეოთხედს შორის, ს. კაკაბაძის აზრით კი – 1195 და 1270–95 წლებს შორის თ. ჟორდანიასა და ივ. ჯავახიშვილს მიაჩნდათ, რომ ძეგლი 2 ნაწილისაგან შედგება და დაწერილია ერთი პირის მიერ სხვადასხვა დროს (1195 ან 1196 და თამარის გარდაცვალებისთანავე). „ი. და ა. შ." ერთ მთლიან ნაწარმოებად მიაჩნიათ კ. კეკელიძეს, ს. ყაუხჩიშვილს, ი. ლოლაშვილს. კ. კეკელიძის აზრით, ის დაწერილია 1222 ახლო ხანებში.
მეფე თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებაში აღწერილია ძირითადად თამარის, ხოლო მოკლედ – მისი მამის, გიორგი III-ის ისტორია. რადგან მისი სათაური დაკარგულია, ივ. ჯავახიშვილმა მას უწოდა „ი. და ა. შ." – ნაწარმოების თავში წამძღვარებული ვრცელი წინადადების აზრობრივი შემოკლებით, რ-იც ზედმიწევნით გამოხატავს შარავანდედის მატარებელი ამ გვირგვინოსნის ქებას, ანუ შესხმას.
ისტორიკოსი თამარის თანამედროვე ყოფილა. ის, უდავოდ, საერო პირია – თავისი გმირის სარწმუნოებრივ-ზნეობრივ თვისებათა დახასიათებისა და მისი საქმიანობის შეფასებისას სახელმწ. მოღვაწისათვის დამახასიათებელ დამოკიდებულებასაც ამჟღავნებს. როგორც გვირგვინოსანთა მეხოტბისათვის, ისტორიკოსისათვის და მახასიათებელია „იზოთესი". ის თამარს უწოდებს არა მარტო „ღმერთისა მსგავსს", არამედ „ღმერთისა სწორსაც", გიორგი მეფეს – „სახედჩენილს ღმერთისას", ხოლო ლაშა გიორგის – „სწორს მისი ღმრთისას", მაგრამ, როგორც შენიშნულია ლიტერატურაში, ასეთი შედარებები სწორედ სას. პირისაგანაა ნაკლებად მოსალოდნელი.
ავტორის ისტ. აზროვნება პროვიდენციულია. მისი აზრით, ყველაფერი, „ზეგარდმოჩინებით" ხდება, ანუ ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებული. იგი გიორგი მეფის ერთი ბრძოლის შესახებ ამბობს: „უკეთუ მუშვა ზენასა განგებისასა", ის დაამხობდა ერთიანად სარკინოზთა ძლიერებასო. ისტორიკოსის მიზანი იყო: „აწ მე რომელი გინა მიხილავს, გინა თუ ბრძენთა და გონიერთა კაცთაგან მსმებია, გარდავსცე ისტორიასო". ე. ი. არა მარტო თვითმხილველი და თანამონაწილე ყოფილა თავის თხზულებაში აღწერილი ამბებისა, არამედ მასში სხვათა მიერ ზეპირ ცნობებზე დამყარებული მონათხრობიც შეუტანია.
თამარის პირველი ისტორიკოსი, სავარაუდოდ, წარჩინებული საზ-ბის წევრი იყო. მან მონაწილეობა მიიღო დიდებულთა იმ ბჭობაში, რ-იც თამარის საქმროს შერჩევის საკითხს იხილავდა. „გამო-ვინმე-ჩნდა მეტყუელი" და საქმროდ ანდრია რუსთა მთავრის შვილი გვირჩია, – ამბობს იგი. მაგრამ, ამასთან ერთად, მან სასახლის შინაური ამბები და მეფის პირადი ცხოვრების დეტალები კარისკაცთაგან განაგონით იცის. ხილულისა და სხვათა მონათხრობის გარდა, მან ფილოსოფოს იოანე ჭიმჭიმელის „შესხმა-მოთხრობითაც" ისარგებლა, რ-იც, როგორც კ. კეკელიძე ვარაუდობდა, მეფე დემეტრე I-ის ცხოვრების აღწერასაც შეიცავდა.
თამარის პირველი ისტორიკოსი ცენტრ. ხელისუფლების ანუ მონარქიის თავგამოდებული დამცველი იყო. „მრავალმთავრობას", მისი აზრით, თან სდევს ყოველგვარი უწესობა. მისთვის მიუღებელია როგორც დიდებულთა გამოსვლა გიორგი III-ის მიერ დაწინაურებულ "უხანო" ხელისუფალთა წინააღმდეგ, ისე ყუთლუ არსლანისა და მისი დასის მოთხოვნები მეფის უფლებათა შეზღუდვის შესახებ. თამარის პირველი ისტორიკოსი მეფის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მეხოტბეა. ამასთან, იგი გვევლინება ჰუმანისტად, რადგან „მესისხლეობა-მიმძლავრებაზე" დამყარებული მართვა-გამგეობა მისთვის მიუღებელია. ის თამარს დიდ დამსახურებად უთვლის, რომ თავის მეფობაში „არცა თუ ტაჯგანაგი (მათრახი) უბრძანა ვისმე დაკვრად".
ავტორი დიდი პატრიოტია და სამშობლოს დასაცავად თავდადებასაც მოითხოვს. მას საგანგებოდ მოჰყავს გიორგი III-ის მიერ ერთ-ერთი ბრძოლის წინ გაკეთებული განაცხადი: უფრო სასახელოა მამაცური სიკვდილი, ვიდრე „სულისაგან განლევითა", რადგან კეთილი სახელი საუკუნო გზად გაგვყვებაო.
თამარის ისტორიკოსი განსაკუთრებით ვრცლად და დაწვრილებით აღწერს სამხ. საქმეებს და ომებს. მაგ., შამქორის ომისათვის სამზადისი და თვით ბრძოლაც ძალზე შთამბეჭდავად აქვს მოთხრობილი და მისი თარიღიც დიდი სიზუსტითაა განსაზღვრული; ფართოდ აქვს გაშუქებული ბასიანის ომი და საქართვ. მხედრობის ძლევამოსილი ლაშქრობა სპარსეთში. ისტორიკოსი ასევე უმნიშვნელოვანეს ცნობებს იძლევა სამეფო დარბაზობის, მეზობელ ხელმწიფეთა და მთავართა მიღების წეს-ჩვეულებების, სამეფო კარისა თუ პროვინციის დიდმოხელეთა დადგენა-გადაყენების შესახებ. ყოველივე ამას მოსდევს თამარის საერო თუ საეკლ.-ზნეობრივი მოღვაწეობის ჩვენება და დახასიათება.
თხზულებაში სრულადაა ასახული ჩვენი ქვეყნის კულტ. დონე. ავტორი კარგად იცნობს ორ კულტ. სამყაროს: ქრისტიანულს (ელინურ-ბიზანტ.) და მაჰმადიანურს (ირან.-არაბ.) ისტორიკოსი ღრმა განათლებასა და ნაკითხობას ამჟღავნებს როგორც ძვ. და ახ. აღთქმის წიგნების, ისე საისტ. და მხატვრული ლიტ-რის ცოდნაში. „ი. და ა. შ-ში" უხვადაა მოხსენიებული ელინურ-ბიზანტ. და სპარს.-არაბ. მწერლობიდან და ისტორიიდან ამოღებული სახელები და ცნობები. ამ საქმის შესრულებისთვის ავტორი თავს უღირსად მიიჩნევს და თვლის, რომ ისტორიის დაწერა შეშვენდებოდა „დიდთა სიტყვას – მოქმედთა პირველთა". ამათში მას დავითის ისტორიკოსიც უნდა ჰყავდეს ნაგულისხმევი, რ-ის დიდ გავლენასაც განიცდის, რადგან მიზნით, გეგმით, სტილითა და ხასიათით ეს ნაწარმოებები დიდ მსგავსებას ამჟღავნებს ერთმანეთთან. თუმცა თამარის პირველი ისტორიკოსის ენა და სტილი უფრო პოეტურ-ფილოსოფიური, რთული და ხელოვნურია, ამასთან იყენებს მდიდარ და მრავალფეროვან მხატვრულ ხერხებსა და საშუალებებს.
მიუხედავად იმისა, რომ თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულება უშურველი ხოტბაა თამარისა და მისი მეფობის, ის აღნიშნული ეპოქის მნიშვნელოვან საისტ. წყაროს წარმოადგენს.
გამოც.: ქართლის ცხოვრება. მარიამ დედოფლის ვარიანტი, ე. თაყაიშვილის რედ., ტფ., 1906; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი (ცდა ტექსტის აღდგენისა), კ. კეკელიძის რედ. და გამოკვლევით, თბ., 1941; მეორე გამოცემა წიგნში: კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 12, თბ., 1973; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008; История и восхваление венценосцев, пер. с груз., предисл. и прим. К. С. Кекелидзе, Тб., 1954.
ლიტ.: ა ბ უ ლ ა ძ ე ილ., ცნობა შოთა რუსთაველის ისტორიული თხზულების შესახებ, «ენიმკის მოამბე», 1938, ტ. 3; გ რ ი გ ო ლ ი ა კ., თამარის მეორე ისტორიკოსის ვინაობისა და მისი თხზულების დათარიღებისათვის, «თსუ შრომები», 1964, ტ. 108; კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., შოთა რუსთაველი და მისი „ვეფხისტყაოსანი", თბ., 1966; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" როგორც ლიტერატურული წყარო, წგ.: რუსთაველის კრებული, თბ., 1938; მ ი ს ი ვ ე, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", წგ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1954; კ ი კ ნ ა ძ ე რ., ფარსადან გორგიჯანიძე და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", თბ., 1975; ლ ო ლ ა შ ვ ი ლ ი ი., რუსთაველი და თამარის ისტორიკოსთა ვინაობის პრობლემა, თბ., 1961; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977.
ა. ბოგვერაძე
რ. კიკნაძე