ისტორიული გეოგრაფია

ისტორიული გეოგრაფია, ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი დარგი. შეისწავლის საზ-ბის განვითარების ისტ. პროცესის გეოგრაფიულ ასპექტებს. ი. გ. იკვლევს წარსული ეპოქების ფიზიკურ გეოგრაფიას (ადამიანის და გეოგრ. გარემოს ურთიერთდამოკიდებულება), მოსახლეობის გეოგრაფიას (ამა თუ იმ ტერიტორიის ან ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, სხვადასხვა ტომთა ლოკალიზაცია, მიგრაციები...), ეკონომიკურ გეოგრაფიას (სამეურნეო რაიონები, სავაჭრო-ეკონ. ცენტრები, შიდა და საგარეო ეკონ. ურთიერთობა, გზები) და პოლიტ. გეოგრაფიას (პოლიტ. საზღვრები, შიდა ადმ. დანაწილება, პოლიტ. ცენტრები...).

საზოგადოების ­წარმოქმნასთან ერთად წარმოიქმნა მისი ატრიბუტი ისტ.-გეოგრაფიული ტერიტორია, რ-იც ამ უკანასკნელის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა სივრცობრივად და შინაარსობრივად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, სო­ცი­ა­ლურად, კულ­ტურულად და ეთნიკურად. ი. გ-ის მიზანია ამ ცვლილებათა რეგისტრირება საზ-ბის განვითარების ძირითად ეტაპზე და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა. ი. გ. იკვლევს ამა თუ იმ სოციუმის, ქვეყნის თუ სახელმწიფოს ტერიტორიის ჩამოყალიბების პროცესს, მისი ტერიტორიის სტრუქტურას და ამ უკანასკნელის ცვლილებებს დროთა განმავლობაში.

ისტ.-გეოგრაფიული კვლე­ვა-ძიების ელემენტები (ტერიტორიის საზღვრების დადგენა თუ მისი ცვლილებები, მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი პოლიტ. თუ ეკონ. ცენტრების ლოკალიზაცია, ეთნიკური ვითარება და სხვ.) ისე­ვე ძველია, როგორც თვით ისტორია, მაგრამ მისი მეცნიერებად ჩამოყალიბება დაკავშირებულია XVI ს. II ნახ-ის ფლამანდიელი გეოგრაფის ა. ორტელიუსის სახელთან, რ-მაც შექმნა ძველი სამყაროს ქვეყნების მსოფლიოში პირველი ისტ. ატლასი. იგი თავისი და სხვების მიერ შედგენილ 70 რუკას შეიცავს მათზე თანდართული მოკლე განმარტებითი ტექსტებით. მანვე „გეოგრაფია ისტორიის თვალებად" გამოაცხადა და ამდენად, ი. გ. ისტ. მეცნიერების დამხმარე დისციპლინათა რიგში ჩააყენა.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი ისტ.-გეოგრაფი­ული კვლე­ვა-ძიების დასაწყისი ლეონტი მროველს უკავშირდება (XI ს.), რ-მაც პირველმა შეიმუშავა მთელი კავკასიის და მისი მოსახლეობის ისტ.-გეოგრაფიული და ისტ.-ეთნიკური კონცეფცია. ამ დარგის მეორე ბრწყინვალე წარმომადგენელი ვახუშტი ბაგრატიონია (XVIII ს.). მან პირველმა შექმნა სა­ქარ­თვე­ლოს „ისტორიული ატლასები" და ა. ორტელიუსის მსგავ­სად გეოგრაფია ისტორიის სამსახურში ჩააყენა.

XIX ს-სა და XX ს. დასაწყისში სა­ქარ­თვე­ლოს ი. გ-ის პრობლემატიკას წარმატებით იკვლევდნენ პ. იოსელიანი, მ. ბროსე, დ. ბაქრაძე, ე. თაყაიშვი­ლი, ნ. მარი, მაგრამ ამ დარგის განვითარებას განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ქართული ისტ. მეცნიერების ფუძემდებელმა ივ. ჯავახი­შვილმა. მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლილი შეიტანეს ამ დარგის განვითარებაში XX ს. ისტორიკოსებმაც (ს. კაკაბაძე, ს. ჯანაშია).

იშვიათი გამონაკლისის გარდა (ლ. მუსხელი­შვი­ლი, ნ. ბერძენი­­შვი­ლი), სულ უკანასკნელ დრომდე ისტ.-გეოგრაფიული კვლე­ვაძიების სარბიელი მეტად ვიწრო იყო და, ფაქტობრივად, იფარგლებოდა ქვეყნის გარეპოლიტიკური და შიდაადმინისტრაციული საზღვრების დადგენით, ამა თუ იმ მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი პუნქტის იდენტიფიკაციით, დროთა ვითარებაში ქვეყნის საზღვრების თუ პოლიტ. ცენტრების ცვალებადობის, სხვადა­სხვა ტომთა ლოკალიზაცთუ მიგრაციის და სხვა მსგავსი საკითხებით. ამდენად, ი. გ-ის პრობლემატიკა ძირითადად პოლიტ. სფეროს მოიცავდა და ისტ. მეცნიერების დამხმარე სამეცნ. დისციპლინის როლში გამოდიოდა.

ამჟამად ვითარება არსებითად არის შეცვლილი. ი. გ-ის კომპეტენციის სფერო გაიზარდა და მისი კვლევის თვალსაწიერში, პოლიტ. და ეთნიკურ თემატიკასთან ერთად, სო­ც. და ეკონ. პრობლემატიკაც მოექცა. ეს არსებითი მეტამორფოზი ჩვენს ისტორიოგრაფიაში ნ. ბერძენი­შვი­ლის სახელთანაა დაკავშირებული.

ყოველი საზოგადოება მოცემულ დროს მოცემულ ტერიტორიაზე ტოვებს თავისი ცხოვრების ნაკვალევს ნამოსახლარების, სამეურნეო, თავდაცვითი თუ საკულტო ნაგებობების, ტოპონიმიკისა და სხვათა სახით. ი. გ-ის ამოცანაა წარმოაჩინოს საზ. ცხოვ­რების ეს ნაკვალევი და დაადგინოს კანონზომიერი კავ­ში­რი ამ ნაკვალევსა და შესაბამისი საზ. ცხოვრების საფეხურებს შორის. ყოველ საზოგადოებრივ ორგანიზმს თავისი შიდატერიტორიული სტრუქტურა აქვს, რ-იც, როგორც აღვნიშნეთ, ისტ. პროცესის შედეგად განუხრელად იცვლება და განპირობებულია საზ-ბის განვითარების შინაგანი და გარეგანი ფაქტორებით. ამ შიდატერიტორიული სტრუქტურის მუდმივცვალებადი ერთეულის აღსანიშნავად ნ. ბერძენი­შვილმა სამეცნ. მიმოქცევაში შემოიტანა ძველი ქართული ტერმინი – „ქვე­ყანა". მისი თვალსაზრი­სით, ისტ.-გეოგრაფიული „ქვეყანა" ეწოდება იმ ფიზიკურ მიწა-წყალს, რ-იც ამა თუ იმ დროს, ამა თუ იმ საზ-ბის (გვარის, ტომის, სოფლის, თემის, ხალხის, ერის) აუცილებელი საწარმოო, სამეურნეო სარბიელია. „ქვეყანა" ისტ. კატეგორიაა, რამდენადაც საზოგადოებრივი განვითარების ყოველ საფეხურს თავისი შესატყვისი „ქვეყანა" ახასიათებს. სამეცნ. დისციპლინა, რ-იც ამგვარ „ქვეყნებს" ავლენს და სწავლობს, არის სწორედ ი. გ.

ამგვარად, ი. გ-ის საგანი ადამიანის ამა თუ იმ საზ. განვითარებისათვის დამახასიათებელი ესა თუ ის ტერიტ. ერთეულია მისი ცვალებადობის ­გათვალისწინებით. ზემოთქმულის შედეგად უნდა დავასკვნათ, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში შემუშავებული დეფინიცი­ით, ი. გ-ის სამეცნიერო დის­ციპლინის ­ძირითად ში­ნაარსს ამა თუ იმ სა­ზოგადოების შიდა ტერიტორიული სტრუქ­ტუ­რის და ამ უკანა­სკნელის დროთა ვითარება­ში ევო­ლუ­ციის კვლე­ვა შეადგენს.

ზემოხსენებული დეფინიცია XX ს. 60-იანი წწ-ის ქართული ისტორიოგრაფიის მონაპოვარია. ასე­თი მეთოდოლ. თვალსა­ზრისი გა­ნაპირობებდა სა­ქარ­თვე­ლოს ისტ.-გეოგრაფიული ­პრობლემების პრაქ­ტ. კვლევის მეთოდიკა­საც: სა­თანადო ნარატიული, კარტო­გრაფიული, დოკუმენტური, არქე­ოლ., ნუმიზმატიკური ­მასალის დამუშავებასთან ერთად, ხორცი­ელდებოდა ინტენს. საველე ექსპედიციები ქვეყნის სხვა­დასხვა რეგიონში მატერ. კულტურის ძეგლ­თა და ტოპონიმიკის ფიქსაციის მიზნით. ამრიგად ­შეგროვებული მასალის დამუშავებისა და ქრონოლ. კლასიფიკაციის საფუძ­ველზე და­ისვა და დამუშავდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის კარდინალური საკითხების მთელი რიგი, ისეთები, როგორიცაა ძველ ქალაქთა და გარკვეული ტიპის ციხესიმაგრეთა წარმო­ქმნის მიზეზები; სა­ქარ­თველოს ­სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა მეზობლებთან და ამ ურთიერთობების განხორციელების მაგისტრალური გზები; სა­ქარ­თველოს მთისა და ბარის ურთიერთობა და ამ უკანასკნელის მნიშვნელობა არა მხო­ლოდ ცალკეული რეგიონების, არამედ მთელი სა­ქართვე­ლოს გაერთიანებისათვის.

ამგვარად, ისტ.-გეოგრაფიული კვლე­ვა-ძიება ნათლად აყენებს და ცალსახად წყვეტს სა­ქართვ. ისტ. ტერიტორიის წარმო­ქმნის კა­ნონზომიერების კარდინალურ საკითხს: ეს იყო არა ­ზედაპირული პოლიტ. პროცესის შედეგი, არამედ ღრმა სო­ცი­ა­ლურ-ეკონ. და კულტურული განვითარების ბუნებრივი დაგვირგვინება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისტ.-გეოგრაფიული კვლე­ვა-ძიების შედეგად ახლებურად დაისვა აგრეთვე ქართვ. ხალხის სოც. განვითარებისა და ქართვ. ერის გენეზისის მნიშვნელოვანი პრობლემებიც.

ზემოთ აღნიშნული იყო, რომ ი. გ-ის ძირითად შინაარსს საზოგადოების შიდატერიტორიული სტრუქტურისა და ამ უკანა­სკნელის დროთა ვითარებაში ევო­­ლუციის კვლე­ვა შეადგენს. ისტ.გეოგრაფიულმა საველე კვლევა-ძიებამ სა­ქარ­თვე­ლო­ში შექმნა შე­საძლებლობა, თვალი გაგვედევნებინა ისტ.-გეოგრაფიული ცვლილებებისათვის ათასწლეულთა განმავლო­ბაში, წარმოგვეჩინა ადგილ. საზ-ბის სოც. და ამასთან და­კავშირებული შიდატერიტორიული სტრუქტურის ­ცვლილებები, გაპირობებული ეკონ. გან­ვითარების კანონზომიერებით უძველესი პერიოდიდან შუა საუკუნეების ჩათვლით.

სა­ქარ­თვე­ლოს ტერიტორიის ისტ.-გეოგრაფიული ­ცვლილებების პროცესი მისი სოც. და ეკონ. განვითარების ადეკვატურია. გა­დაუჭარ­ბებლად შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსენებული თვალსაზრისი საზ-ბის ისტ.-გეოგრაფიული განვითარების კანონზომიერების შე­სა­ხებ და ამის საფუძველზე მიღებული მეთოდოლ. დასკვნა ისტ.-გეოგრაფიული ცვლილებებისა და სო­ც.-ეკონ. განვითარების ადეკვატურობის შე­სა­ხებ ქართული ისტოროგრაფიის მონაპოვრად უნდა ჩაითვალოს.

ლიტ.: აბაშიძე ზ., ვ ა შ ა კ ი ­ძ ე  ვ., მ ი რ ი ა ნ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ნ., ჭ ე ი ­შ ვ ი ლ ი  გ., ყოველი სა­ქარ­თვე­ლო (ქართული სა­ხელმწიფოს ისტორიული საზღვრები უძველესი დროიდან დღემდე), თბ., 2014; ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი დ., ნარკვევები სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ქვემო ქართლი, ნაკვ. 1, თბ., 1979; მ ი ს ი ვ ე, ნარკვევები სა­ქართვე­ლოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985; მ ი ს ი ვ ე, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 2014; ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ნ., სა­ქარ­თველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964; წგ. 8, თბ., 1975; გ ვ ა ს ა ლ ი ა  ჯ., აღმოსავლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები (შიდა ქართლი), თბ., 1963; მ უ ს ხ ე ლ ი ­შ ვ ი ლ ი  დ., უჯარმა, თბ., 1966; მ ი ს ი ვ ე, ექვთიმე თაყაი­შვი­ლი და ისტორიული გეოგრაფია, კრ.: ექვთიმე თაყაი­შვი­ლი. ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1966; მ ი ს ი ვ ე, სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ტ. 1–2, თბ., 1977–80; მ ი ს ი ვ ე, ქიზიყის ძველი ისტორია, თბ., 1997; ნ ი ნ ი ­ძ ე  დ., სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიული გეოგრა­ფია, თბ., 2005; ხ ა რ ა ძ ე  კ., საქარ­თვე­ლოს ისტორიული გეოგრაფია (ქვემო ქართლი), თბ., 1991; მ ი ს ი ვ ე, სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიული გეოგრაფია (შიდა ქართლი), თბ., 1992; მ ი ს ი ვ ე, სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიული გეოგრაფია (ზემო ქართლი), თბ., 2000; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ­ლ ი  ივ., სა­ქარ­თვე­ლოს საისტორიო გეოგრაფია VII–XII სს. ქ. შ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2, თბ., 1983; მ ი ­ ს ი ვ ე, სა­ქარ­თვე­ლოს საზღვ­რები ისტორიულად და თანა­მედროვე თვალსაზრისით განხილული, იქვე, ტ. 12, თბ., 1998.

დ. მუსხელი­შვი­ლი