ისტორიული მატერიალიზმი, მოძღვრება საზოგადოების განვითარების კანონების შესახებ. შექმნა კ. მარქსმა XIX ს. მატერიალ. მსოფლმხედველობისა და გ. ჰეგელის მიერ განვითარებული დიალექტ. მეთოდის შეჯერების შედეგად. მარქსმა ჰეგელის დიალექტიკა ისტ. განვითარების დასახასიათებლად გამოიყენა, თავად ისტორია კი წარმოების პროცესად აღიქვა. მასთან ცნობიერების ისტ. ფორმების დაყვანა ხდება წარმოების ეკონ. სტრუქტურებზე. მისი აზრით, სწორედ წარმოების ეს სტრუქტურები განსაზღვრავს ადამიანის საზ. ყოფის რაობას, მაშასადამე, ყოფიერება (ადამიანის მატერ. პრაქტიკა) განსაზღვრავს ცნობიერებას. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ შრომას. კ. მარქსი საუბრობს წარმოებითი ურთიერთობებისა და საწარმოო ძალების დიალექტიკის შესახებ, რ-ებიც განვითარების გარკვეულ საფეხურზე ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. მაშასადამე, საზ-ბა დაყოფილია კლასებად; წარმოებითი საშუალებების მფლობელი კლასი უპირისპირდება უქონელთა კლასს. საზ-ბის განვითარებისთვის დამახასიათებელია სწორედ კლასობრივი ბრძოლა, რაც კლასთა შორის დაპირისპირებით გამოიხატება. ეს დაპირისპირება კი იწვევს რევოლუციებს და ახალი საზ.ეკონ. ფორმაციების წარმოშობას. ი. მ-ში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროლეტარულ რევოლუციას, რ-მაც კაპიტალ. საზ. ფორმაცია უნდა შეცვალოს ახალი საზ. წესრიგით, სადაც არ იქნება მშრომელთა ძარცვა, ადამიანთა გაუცხოება, კერძო საკუთრება და ა. შ.
ი. მ. დიალექტიკურ მატერიალიზმთან ერთად ქმნის ე. წ. მარქსიზმ-ლენინიზმს, რ-იც საბჭ. კავშირის ოფიციალურ იდეოლოგიას წარმოადგენდა. ი. მ-ის დოქტრინა საბჭ. მეცნ. საფუძველი იყო. ამ პერიოდის ქართ. საბჭოთა სამეცნ. სკოლებიც (განსაკუთრებით, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განხრით) ი. მ-ის დიდ გავლენას განიცდიდა.
ლიტ.: გ ო გ ი ბ ე რ ი ძ ე მ., ისტორიული მატერიალიზმი (ქრესტომათია), ტფ., 1927; დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი, ნაწ. 1–2, ტფ., 1934; ლუტიძე ბ., ისტორიული მატერიალიზმის საკითხები, თბ., 1988; რ ა მ ი შ ვ ი ლ ი ნ., ისტორიული მატერიალიზმი, თფ., 1911.
თ. ირემაძე