ისტორიული ჟანრი

ისტორიული ჟანრი, სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი ჟანრი, რომელიც ასახავს ისტ. მოვლენებს თუ საზოგადოების ისტორიის სო­ცი­ა­ლურად მნიშვნელოვან ფაქტებს, ისტ. პირებს; ძირითადად საზრდოობს წარსულით, მ. შ. მოიცავს ახლო წარსულის იმ მოვლენებსაც, რ-თა ისტ. მნიშვნელობაც თანამედროვეთა მიერაა აღიარებული. აღნიშნული სპეციფიკიდან გამომდინარე, ი. ჟ. ხშირად იკვეთება სახვითი ხელოვნების სხვა ისეთ ჟანრებთან, როგორიცაა ყოფითი (ისტ.-ყოფითი) სცენები, პორტრეტი (ისტ. პირის გამოსახულებით; ­პორტრეტულ-ისტ. კომპოზიციები), პეიზაჟი (ისტ. პეიზაჟი). ყველაზე ხშირად ისტ. ჟანრი ერწყმის ბატალურს, მით უფრო, თუ ეს უკანასკნელი საბრძოლო მოვლენების ისტ. შინაარსს ეხება.

ჟანრული დიფერენციაცია სახვით ­ხელოვნებაში ­უმთავრესად ასახული ობიექტის რაობის მიხედვით განისაზღვრება. საკუთრივ ჟანრის ცნება, მისი კლასიკური გაგებით, XVII–XVIII სს-ში ჩნდება, როდესაც კლასიციზმის ხანის ესთეტიკა მკაცრად განსა­ზღვრულ, იერარქიულ ჟანრულ სისტემას აყალიბებს (ტერმინიც „ჟანრი" სწორედ ამავე პერიოდში მკვიდრდება საფრანგეთში). ი. ჟ., დასრულებული და საბო­ლოოდ ჩამოყალიბებული სახით, მართალია, მხო­ლოდ XVIII–XIX სს. მიჯნაზე იჩენს თავს, თუმცა მის არაერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს უძველესი დროიდან ვხვდე­ბით, როდესაც რეალური ისტ. მოვლენები ხშირად ფოლკლორულ თუ მითოლ. თემებთან მიმართებით განიხილება.

ძვ. ეგვიპტესა და ­მესოპოტამი­აში ისტ. რეალობის ამსახველი კომპოზიციები ან პირობით-სიმბოლურ კონტექსტში (მონარქის გამარჯვება, მისთვის ღვთაების მიერ ძალაუფლების გადაცემა და ა.შ.) გამოისახებოდა, ან თხრობითი ხასიათის ციკლებად, სადაც ნაჩვენები იყო მთავარი მმართველის და მისი არმიის წარმატებები.

ძვ. საბერძნეთში წარსულის ისტ. მოვლენები უმთავრესად მითოლ. თემებსა და სახეებში პოულობდა მხატვრულ განსხეულებას, თუმცა ცნობილია რეალური ისტ. სცენებისა და გმირების განზოგადებულ-იდეალიზებული გამოსახულებებიც (მოზაიკა ალექსანდრე მაკედონელის დარიოსთან ბრძოლის ამსახველი სცენებით, ძვ.წ. IV–III სს., შემორჩენილია რომაული ასლი, ძვ.წ. II ს.). ძვ. რომაული იმპერიის ძლევამოსილების იდეა და იმპერატორის კულტი რომაული რელიეფების ერთ-ერთი მთავარი თემაა. სწორედ ისტ. სიუჟეტი განსაზღვრავს საბრძოლო ტრიუმფების ამსახველი კომპოზიციებისა და დოკუმენტურ-თხრობითი ფრიზების მთავარ მხატვ­რულ ხაზს, მით უფრო, რომ აქ გამონაგონი, მ. შ. მითოლ. პერსონაჟების რაოდენობა, ისტ. პერსონაჟებთან შედარებით, საგრძნობ­ლად მცი­რეა (ტრაიანეს სვეტი რომში, 111–114 წწ.).

თეოლოგიური აზრის დომინირებიდან გამომდინარე, შუა საუკუნეების ევროპაში ხშირია შემთხვევები, როდესაც რელიგ. სიუჟეტები – ისტორიულის, რეალური მოვლენები კი საკრალურის დატვირთვას იძენს. ამას გამომსახველობითი პირობითობის მაღალი ხარისხიც განაპირობებდა. ისტ.-ბატალური და ისტ.-ყოფითი ხასიათის გამოსახულებებით მდიდარია აღმ-ის ხელოვნებაც. ჩინური სახვითი ხელოვნების ნიმუშებისათვის დამახასიათებელია ბრძო­ლე­ბისა და ლაშქრობების სცენების ზედმიწევნითი სიზუსტით ასახვა. ისტ. რეალობის მახასიათებლების მითოლ. ფორმით ინტერპრეტირება ხდება ინდოეთის, ინდონეზიისა თუ ბირმის შუა საუკუნეების მოხატულობებსა და რელიეფებში. ისტ.-ყოფითი სიუჟეტები ჩნდება VII ს. ჩინურ და XI–XII სს. იაპონურ ფერწერაში; XV–XVI სს-იდან კი – აზერბაიჯანულ, ირანულ, ავღანურ, ინდურ და შუა აზიის სხვა ქვეყნების მინიატიურებშიც.

საკუთრივ ი. ჟ-ის, როგორც დამოუკიდებელი მხატვ­რული ერთეულის, შექმნა-ჩამოყა­ლიბების უწყვეტი პროცესის დასაწყისი აღორძინების ეპოქის ევროპას უკავშირდება. ჰუმანიზმის პრინციპები, ეპოქისეული ინტერესი ისტ. მეცნიერებებისადმი, ისე­ვე როგორც ზოგადად სამეცნ. აზრისადმი, ბუნებრივია, სათანა­დოდ აისახებოდა სახვითი ხელოვნების ნიმუშებში; ასევე წმ. წერილის ეპიზოდები, რ-ებიც, ­ძირითადად, ზოგადსაკაცობრიო ისტ. ფაქტე­ბად აღიქმებოდა. იცვლება და­მოკიდებულება თანამედროვეობის მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვლენებისადმი, რ-თა ამსახველი გამოსახულებები უკვე XIV ს-ში ახ. საზ. იდეების პროპაგანდის დატვირთვას იძენს. XV–XVI სს-ში იქმნება კედლის მხატვრობის არაერთი ნიმუში ბრძო­ლე­ბის (პაოლო უჩელო) და დღესასწაულების ამსახველი კომპოზიციებით. მათი უმეტესობა რეალური არქიტ. გარემოს და ინტერიერების ფონზეა წარმოდგენილი (ჯ. ბელინი, ვ. კარპაჩო, დ. გირლანდაიო). მსგავსი გარემო ხშირადაა გამოყენებული რელიგ. სიუჟეტებზე შექმნილ კომპოზიციებშიც, რაც გარკვეული, კონ­კრე­ტული ისტ. სინამდვილის განცდის გაჩე­ნას განაპირობებს (ა. მანტენია, პიერო დელა ფრანჩესკა). უკვე აღორძინების ეპო­ქაში იქმნება საკუთრივ ისტ. კომპოზიციები, წარმოჩენილი იდე­ა­ლურგანზოგადებულ, დროისმიღ­მი­ერი სახით („ბრძოლა ანგიართან" – ლეონარდო და ვინჩი; „ბრძოლა კაშინთან" – მიქელანჯელო).

XVII–XVIII სს-ში აკადემიზმმა და კლასიციზმმა ი. ჟ. საკუთარი ინტერესის უმთავრეს ობიექტად აქცია და მას „მაღალი" ჟანრის სტატუსი მიანიჭა. ამ ეტაპზე ეს ჟანრი საკუთარ თავში რელიგ., მითოლ. და საკუთრივ ისტ. სიუჟეტებს მოიცავს. ამ დროს შექმნილი პომპეზური, ისტ.-ალეგორიული კომპოზიციები მონარქებს ხშირად ანტ. მხედართმთავრების ამპლუაში წარმოადგენს. XVII– XVIII სს. ისეთი ოსტატების შემოქმედებითმა ძიებებმა, როგორებიც იყვნენ ნ. პუსენი (საფრანგეთი), დ. ველასკესი (ესპანეთი), პ. პ. რუბენსი (ფლანდრია), რემბრანდტი (ჰოლანდია) დიდწილად განსაზღვრა ი. ჟ-ის შემდგომი განვითარების ხაზი.

XVIII ს. 50-იანი წლებიდან, განმანათლებლობის ეპოქაში, უკვე საგრძნობლად იზრდება ი. ჟ-ის იდეოლოგიურ-აღმზრდელობითი დატვირთვა. აქ ძვ. და თანამედროვე გმირების საქციელი მაღალი საზ. მორალის ნიმუშად აღიქმება. თანდათანობით პოპულარული ხდება ისტ. პორტრეტის ჟანრი (ჟ. გუდონის ქანდაკებები, საფრანგეთი; ჯ. რეინოლდზის ფერწერა, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.). საფრ. ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდი (1789–94) კი სრულიად წარმოუდგენელია ჟაკ ლუი დავიდის შემოქმედების გარეშე. მხატვარი ჰეროიკულ-ამაღლებული განწყობით და რეალისტური ­ფორმათმეტყველებით ­ქმნის ეპოქის ვიზუალურ ­ანა­რეკლს („ფიცი ბურთის სათამაშო დარბაზ­ში", 1791; „მარატის სიკვდილი", 1793). ამავე ეპოქას უკავშირდება ნაპოლეონისა და მისი არმიის თაყვანისცემის და­ნერ­გვა, რასაც არაერთი მხატვრის შემოქმედება ადასტურებს.

XVIII ს. პირველ ნახევარში რუსეთში ი. ჟ. სალონური ხელოვნების გაჩენის და ისტ. მეც­ნი­ე­რე­ბა­თა განვითარების კვალდაკვალ იწყებს ჩამოყალიბებას (ფ. ზუბოვი, პეტრე I-ის ბრძო­ლე­ბისა და დღესასწაულების აღმნიშვნელი გამოსახულებები, ბატალუ­რი სცენები, რ-თაც ი. ნიკიტინს მიაწერენ; რელიეფები სატრიუმფო სვეტისთვის, მიძღვნილი პეტრე I-ისა და ჩრდ-ის ომისადმი, შესრულებული ბ. რასტრელის მონაწი­ლეობით).

ჩრდ. ამერიკაში, დამო­უკიდებლო­ბის მოსაპოვებლად წარმართულმა ომმა (1775–83) აშშ-ის ხელოვნებაში ისტ. ჟანრის დემოკრატიზაცია მოახდინა. შეიქმნა ნამუშევრები, რ-ებიც გამორჩეული იყო ცხოვრებისეულ მოვლენათა დამაჯერებელი ასახვით (ჯ. ტრამბალი).

XIX ს-ში ი. ჟ-ში შექმნილი ნაწარმოებების უმეტესობას ტრაგიკულობის განცდა გასდევს მთავარ თემად. რომანტიზმის გავლენით აქ თავი იჩინა წარსულისა და თანამედროვეობის თანაბარი მნიშვნელობით განცდამ. გახშირდა მიმდინარე ისტ. მოვლენების ამსახველი ნაწარმოებებიც (ფ. გოია, თ. ჟერიკო, ე. დელაკრუა, ო. დომიე). ი. ჟ. სოც. უსამართლობასა და უკანონობას დაუპირის­პირდა და თანამედროვე საზ. კონფლიქტების მძაფრი, ემოციური აღქმის დრამატულ-წინააღმდეგობრივი ხასიათი შე­იძინა. მრავლად იყვნენ ის რომანტიკოსებიც, რ-ებიც საკუთარ ისტ. და ესთეტ. იდეალს შუა საუკუნეების წიაღში ხედავდნენ („ნაზარეველები" – გერმანიაში, „პრერაფაელიტები" – დიდ ბრიტანეთში). რაინდული ეპოქის სენტიმენტალურ სცენებს ქმნი­დნენ დიუსელდორფის სკოლის (გერმანია) მხატვრები.

რომანტიზმის გავლენა და ევროპაში მიმდინარე აჯანყებების ტალღა ნაწილობრივ აისახა XIX ს. რუს. მხატვრობაში. ანტ. ცივილიზაციით დაინტერესება და სრული გარდაუვალობის წინაშე აღმოჩენილი ადამიანების განწირულობა იქცა კ. ბრიულოვის ცნობილი ნაწარმოების, „პომპეის უკანასკნელი დღე" (1830–33) მთავარ თემად. რუს. ი. ჟ-ის ფორმირებაში გამორჩეული როლი ითამაშა ა. ივანოვმა, რ-ის რელიგიურ თემაზე შექმნილი კომპოზიციებისთვის ისტ. პროგრესისა და საზ-ბის ზნეობრივი აღორძინების პრობლემები იყო განმსაზღვრელი.

XIX ს. II ნახევარში ი. ჟ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ასევე პოლონეთში (ი. მატეიკო), ჩეხეთში (მ. აშელი, ი. ჩერმაკი), რუმინეთში (თ. ამანი), უნგრეთში (მ. მუნკაჩი). აქ რომანტიზმის ეპოქისეული ტრადიციები რეალისტურ ძიებებს ერწყმის და მძაფრი, მკაფიოდ სახასიათო ვიზუალური ელემენტე­ბით მდიდრდება.

XIX ს. ბოლოს ი. ჟ-ში რეალური ისტ. სახეების ამაღლებული, სიმბოლურ-განზოგადებული ინტერპრეტაციებისადმი შემობრუნება გამოიკვეთა (ო. როდენი, "კალეს მოქალაქეები"). ამავე პერიოდს უკავშირდება რუსეთში „პერედვიჟნიკების" მოღვაწეობა, ასევე ი. რეპინის, ვ. სურიკოვის, ვ. ვერეშჩაგინისა და ვ. ვასნეცოვის ნამუშევრები – გამორჩეული ეპიკურობის განცდით, ბილინებისეული განწყობით და მძაფრი ემოციურობით.

XX ს. დასაწყისის ქანდაკებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ისტ. პორტრეტის ჟანრი (საფრანგეთში – ო. როდენი, ხორვატიაში – ი. მეშტროვიჩი, ჩე­ხეთში – ი. მისლბეკი, ლ. შალოუნი, პოლონეთში – კ. დუნიკოვსკი და ა.შ.). სიმბოლიზმისა და მოდერნის სტილისათვის კი დამახასიათებელი ხდება დროისმიღმიერი მეტაფორულობა და ისტ. გამოსახუ­ლებების დეკორ. სტილიზაცია (პ. პიუვი დე შავანი – საფრანგეთში, ფ. ჰოდლერი – შვეიცარიაში და ა.შ.).

ქართულ ხელოვნებაში ი. ჟ-ის ჩანასახები ჯერ კიდევ შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში გვხვდება მეფეების, მაღალი არისტოკრატიისა თუ ქტიტორდამ­კვეთთა გამოსახულებების სა­ხით. ეს კომპოზიციები, ისტ. პორ­ტრეტული მახასიათებლების გარდა, ყოფითი ისტორიზმის ელე­მენტებსაც მოიცავს; იგულისხმება ჩაცმულობა თუ ცალკეული ატრიბუტიკა (ვარძიის XII ს., ყინწვისის XIII ს., ბეთანიისა XII ს. და დავითგარეჯის VI–XVIII სს. ფრესკები). უფრო მოგვიანებით, XIV–XV სს-ში, ქართ. მინიატიურულ მხატვრობაში თავი იჩინა სამეფო კარის ყოფის, ბრძო­ლებისა და ლაშქრობების ამსახველმა კომპოზიციებმა. საინტერესოა ლაშთხვერის ეკლესიის (XIV ს.) ფასადზე აღბეჭდილი ამირანისა და ბაყბაყდევის შერკინების ამსახველი ბატალური სცენა, რაც მდიდარ მასალას იძლე­ვა იმდროინდელი ქართ. სინამდვილის შე­სა­ხებ.

XVIII ს. დასასრულსა და XIX ს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ისტ. პორტრეტის ჟანრი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს (ე.წ. „თბილისური პორტრეტი"). მეფე და მისი ოჯახის წევრები, ქართვ. დიდგვაროვნები თუ სას. პირები, მათ ირგვლივ არსებული მიკროსამყარო და უამრავი მცირედი დეტალი – ამ ნამუშევრებზე ასახული მთავარი ობიექტებია („გიორგი XII", „თეიმურაზ II", „ფარნაოზ ბატონი­შვი­ლი", „მიტროპოლიტი იოანე ბოდბელი" და სხვ.).

ქართველი პროფესიონალი მხატვ­რე­ბის პირველი თაობიდან ი. ჟ-ის როლი არსებითია გ. გაბა­­შვი­ლის შემოქმედებაში. მასთან მრავლადაა სახ.-რელიგ. დღესასწა­ულებისა („ალავერდობა", 1899) თუ ხევსურების ყოფის ამსახველი სცენები, მ. შ. ბატალურიც. საქართვ. ისტ. ცალკეული ეპიზოდები აქვს წარმოდგენილი თავის ნამუშევრებში ნიკო ფიროსმანაშვილს ("გიორგი სააკაძე", 1906, "რუსეთ-იაპონიის ომი", 1906, „შამილთან ბრძოლა", 1908 და ა.შ.). ისტ. სიუჟეტის ზო­გა­დი მახასიათებლები იკვეთება ასევე ა. ბერიძის, რ. გველესიანის, ა. მრევლი­შვი­ლის და დ. გურამი­შვილის სხვა­და­სხვა დროის ნაწარმოებებში. ამ ჟანრის შემ­დგომი განვითარება სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე XX ს. 20–40-იან წლებს უკავშირდება. მართალია, საკუთრივ ქართ. ი. ჟ-ის ფუძემდებლად ვ. სიდამონერისთავი მიიჩნევა, თუმცა ამ თემაზე შესრულებული ნამუშევრები გვხვდება მოდერნისტების თაობის ისეთი წარმომადგენლების შემოქმედებაშიც, როგორებიც არიან ლ. გუდია­შვი­ლი („საკადრისი პასუხი", 1945), დ. კაკაბაძე („სვანეთი", 1939). ისტ. პეიზაჟის ჟანრში მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია ა. ციმაკურიძისა და ე. ახვლედიანის ნამუშევრები. ი. ჟ-ის მიმართ დამოკიდებულება მნიშვ­ნელოვანწილად იცვლება სა­ქარ­თვე­ლოს გასაბჭოების შემდგომ, როდესაც სახვითი ხელოვნება, ხელოვნების სხვა არაერთი დარგის მსგავ­სად, ძლი­ე­რი, სა­ხელმ­წი­ფოებ­რი­ვი, პროპაგანდისტული მექანიზმის მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ნაწილი ხდება. აქ ი. ჟ. განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. მისთვის დამახასიათებელია გამოსახულების ზედ­მიწევნითი კონკრეტულობა და ხალ­ხის, როგორც ისტორიის შემოქმედის, როლის გააქტიურება. საბჭ. ხელოვნებაში ჩამოყალიბდა და განსაკუთრებული მნიშვნელობა შე­იძინა ისტ.-რევოლუციურმა თემატიკამ. XX ს. 40–60-იან წლებში ი. ჟ. ტოტა­ლიტარული რეჟიმის ხელში ქმედითი საშუალება გახდა ­– წარსულის თემატიკამ სა­ხელმ­წი­ფო­ებ­რი­ვი იდეოლოგიის ფორმისმიერი ხორცშესხმის დატვირ­თვა შეიძინა და ხშირად ფსევდოეროვნული ხასიათისა იყო. ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ უ. ჯა­ფარიძე, ს. ქობულაძე, ს. მაისა­­შვი­ლი, ა. ქუთათელაძე, ა. ვეფხვაძე, კ. მა­ხარაძე, მ. ბერძენი­შვი­ლი, ე. ამაშუკელი, დ. გაბა­შვი­ლი, გ. ოჩიაური და სხვები.

XX ს. 70–80-იანი წლებიდან ქართ. რეალობაში ი. ჟ-ის მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად იცვ­ლება და ის იგავმე­ტყველების სახეს იძენს, რ-იც ეროვნ. ცნობიერების ­გაძლიერება-გააქტიურებას ისახავს მიზნად (ა. ბან­ძელაძე, დ. ხახუტა­­შვი­ლი, გ. ბუღაძე, ლ. ჭო­ღო­შვილი).

მოგვიანებით, ისტ. ჟანრისადმი ინტერესი ქართულ სახვით ხელოვნებაში ოდნავ კლებულობს, თუმცა XX ს. მიწურულს სამოღვაწეო ასპარეზზე ჩნდება მხატვარი გ. გეგეჭკორი, რ-იც ქართველ მეფეთა გალერეას ქმნის. 1995 წლიდან მხატვარი იწყებს მუშაობას ამ თემაზე და დაახლოებით 40-მდე ნამუშევარს ქმნის. ფორმათქმნის გამორჩეულად რეალისტური მანერა, დამჯდარი, ინტენსიური ფერადოვნება და დიდი, მოცულობითი სასურათე სიბრტყე, ასეთია ამ სერიის ნამუშევრების უმეტესობა. ქართველი მეფეები, რ-თაგან თითოეული საკუთარი ეპოქის ნიშანსვეტად ქცეულა, ხატვის ამ ზედმიწევნითი „ნამდვილობის" წყალობით ისტ. სიშორის დაძლევის უჩვეულო კონკრეტიკით შემოვიდა თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებაში. ასეთია გ. გეგეჭკორის მიერ შექმნილი ყველა ქართველი მეფის პორტრეტი, განურჩევლად იმისა, მოგვეპოვება თუ არა რაიმე ისტ. ცნობები მათი გარეგნული იერის შესახებ.

თ. ბელა­შვი­ლი