ისტორიული საბუთი

ისტორიული საბუთი, წერილობითი ისტორიული წყარო. ი. ს-ები ­ქმნის დოკუმენტური წყარო­ე­ბის განსაზღვრულ ტიპს და სო­ც. ფუნქციის (დანიშნულების) მიხედვით იყოფა ორ ძირითად სახეობად – იურიდი­ულ აქტებად და კერძო (არაიურიდიული) ხასიათის საბუთებად, რ-ებიც შედგენილია თანამედროვის მიერ და ახასიათებს ხანგრძლივი ტრადიციით ჩამოყალიბებული სტრუქტურა, გაფორმების წესები და სპეციფ. ენობრივი სისტემა.

იურიდიული აქტი ეწოდება ისეთ საბუთს, რ-იც სუბიექტებს შორის ურთიერთობის ამა თუ იმ მხარეს სამართლებრივად აწესრიგებს. იურიდ. აქტი სოც. ფუნქციის დაკარგვის შემდეგ იქცევა ი. ს-ად.

იურიდ. აქტები, სამარ­თლებრივი რეგულაციის საგნის მიხედვით, რამდენიმე ქვესახეობად იყოფა. ესენია: წყალობის, შეწირულობის, შეუვალობის, სასისხლო (ვერგელდის), ანდერძის, ნასყიდობის, გაცვლილობის, გირავნობის, ვალის, გაყრილობის, შეყრილობის, პირობისა და ა. შ. საბუთები, აგრეთვე სულთა მო­სახსენებლები, აღაპები და სხვ., რ-ებსაც სწავლობს სპეციალური ისტ. დისცი­პლინა – დიპლომატიკა.

შუა საუკუნეების სა­ქარ­თვე­ლო­ში იურიდ. აქტის აღსანიშნავად მრავალი ქართული და უცხოური წარმომავლობის ტერმინი გა­მო­იყენებოდა. მ. შ., უძველესია „ჴელი" (ქვაზე ამოკვეთილი) და „და­წერი­ლი" (ეტრატზე ან ქაღალდზე შესრულებული). ეს უკანასკნელი გაბატონებულია X ს. 70-იან წლებამდე. ამ დროიდან შემოდის სიგელი" (ბერძ­ნული), მეფის მიერ გაცემული აქტის აღსანიშნავად, მაგრამ XI ს. ბოლომდე „დაწე­რი­ლი" ეწოდება ყველა აქტს, განურჩევლად გამცემის ვინაობისა. XII–XIV სს-ში „სიგელი" მხო­ლოდ მეფის მიერ გაცემულ აქტს მიემართება, და­წე­რი­ლი" – ყველა დანარჩენს. XV ს-იდან სიგელის" მნიშვნელობა გაფართოვდა და ყოველგვარი იურიდ. აქტის აღსა­ნიშნავად გამოიყენებოდა, „და­წე­რი­ლი" კი იმავე საუკუნის ბოლოდან აღარ იხმარებოდა. XV ს-იდან მკვიდრ­დება ტერმინი „წიგნი", რ-იც „სიგელთან" ერთად იურიდ. აქტების ზოგად სახელწოდებად იქცა. ყველაზე გავრცელებული „და­წე­რი­ლის", „სიგელისა" და „წიგნის" გვერდით იურიდ. აქტების აღსანიშნავად სხვა­და­სხვა დროს შემოვიდა: „ბრძანება" (XI სიდან), „ჩაქი", „ბარათი" (თურქ.), „ანდერძი" (XII ს-იდან), „ნიშანი" (სპარს.), „პიტაკი" (­ბერძნ.), „პროარტაგი" (სომხ.), „იადგარი" (სპარს., XIV ს-იდან), „გუჯარი" (არაბ.), „ქარტა" (­ბერძნ., XVI ს-იდან), „რაყამი" (არაბ.), „თამასუქი" (არაბ.), „განაჩენი", „განწესება" (XVI ს-იდან), „საბუთი" (არაბ., XVIII ს-იდან) და სხვ.

არაიურიდიული კერძო ხასიათის საბუთებს განეკუთვნება ანგარიშები, კერძო ნუსხები, დღიურები, ეპისტოლეები, სტატისტიკური მასალები და სხვ.

შემორჩენილი ქართული ი. ს-ის საერთო რაოდენობა 65 000 აჭარბებს. მათი ძირითადი ნაწილი დაცულია კ. კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა (35 000ზე მეტი) და სა­ქარ­თვე­ლოს ­ცენტრ. საისტორიო არქივში (30 000-მდე), შედარებით მცი­რე რაოდენობით – რე­გიონულ მუზეუმებში, აგრეთვე, საზ­ღვარგარეთის (მოსკოვის, ­სანქტ-პეტერბურგის და სხვ.) სიძველეთსაცავებში.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ნ., მიწათმფლობელობის ფორმებისათვის ფეოდალურ სა­ქარ­თვე­ლო­ში („ჴელი", "და­წე­რი­ლი"), წგ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  მ. , ქართული საისტორიო აქტები, თბ., 2005; ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ ლ ი  ივ., ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, თხზ. 12 ტომად, ტ. 9, თბ., 1996.

გ. არახამია