ისფაჰანლი იბრაჰიმ ჰუსეინ-ოღლუ (ნამდვ. გვარი – ჰუსეინზადე) (10. III. 1887, თბილისი, – 13. X. 1967, იქვე), აზერბაიჯანელი მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1932).
ი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილ. სახელმწ. აზერბაიჯანულ თეატრს. იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი (1934–37). ი. ფართო დიაპაზონის მსახიობი იყო. შექმნილი აქვს როგორც ტრაგიკული, ასევე კომედიური მხატვრული სახეები. წარმატებული აღმოჩნდა მის მიერ შესრულებული როლები: ჰამლეტი, იაგო (უ. შექსპირის „ჰამლეტი", „ოტელო"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი"), ანზორი (ს. შანშიაშვილის „ანზორი") და სხვ.
ი-ს მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებდა ქართვ. კოლეგებთან: ა. ხორავასთან, ს. შანშიაშვილთან, შ. დადიანთან და სხვებთან. მონაწილეობდა ქართვ. ავტორების პიესების სცენურ განხორციელებაში (ა. წერეთლის „კინტო", ს. შანშიაშვილის „ანზორი" და სხვ.). ი-ს მოღვაწეობა განამტკიცებდა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტ. კავშირებს.
ლიტ.: შურადინ მამედლი, საქართველოს სახალხო არტისტი იბრაჰიმ ისფაჰანლი, თბ., 1997.