ისქანდერნამე („ალექსანდრე მაკედონელის წიგნი"), ალექსანდრე მაკედონელის შესახებ ფსევდოკალისთენეს რომანის აღმოსავლური რედაქციები.
ფალაური, სირიული და არაბ. ქრონიკები საფუძვლად დაედო ახ. სპარსულ ენაზე შექმნილ მრავალრიცხოვან ვერსიებს (ბალამი, ფირდოუსი, ხალხური რომანები). პირველი ვრცელი პოემა „ი." ეკუთვნის ნიზამი განჯევის (XII ს.), რ-საც, წერილობითი წყაროების გარდა, გამოუყენებია სამხრ. კავკასიაში გავრცელებული ზეპირი გადმოცემებიც.
პოემაში ნახსენებია აფხაზთა (ქართველთა) სამეფოც. შემდეგ შექმნილ ვერსიათაგან აღსანიშნავია ხოსროვ დეჰლევის (XIII ს.), ჯამის (XV ს.) და ნავოის (XV ს.) პოემები. ქართულად ჯერ კიდევ XI ს-მდე უნდა არსებულიყო უშუალოდ ბერძნულიდან გადმოღებული ვერსია („ალექსანდრეს რომანი"). XVIII ს-ში შექმნილი ქართ. „ალექსანდრიანის" პროზაული (არჩილის) და პოეტური (ჩხატარაისძის) ვერსიები სერბიულ-რუსულ წყაროებს უკავშირდება.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; Б е р т е л ь с Е. Э., Роман об Александре и его главные версии на Востоке, М. – Л., 1948.
ა. გვახარია