იუნგერ-ხოტივარი შტეფი

იუნგერ-ხოტივარი (Jünger-Chotiwari), შტეფი (დ. 24. III. 1952, ლაიფციგი), გერმანელი ქართველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.

დაამთავრა ბერლინის ჰუმბოლდტის სახ. უნ-ტი რუსულ-ტაჯიკური ენებისა და ლიტ-რის განხრით.

XX ს. 70-იან წლებში დაინტერესდა ქართ. ენითა და ლიტ-რით. ქართ. ენა შეისწავლა იენის უნ-ტში გერმ. ქარ­თველოლოგის გ. პეჩის ხელმძღვანელობით. 1973 სა­ქარ­თვე­ლოში ჩა­მო­ვი­და და თსუ-ში სტაჟირება გაიარა. 1979 ბერლინის უნ-ტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია [„კონსტანტინე გამსახურდია და მისი შემოქმედების ადრინდელი რომანები (1912–35)"], ხოლო 1994 თსუ-ში – სადოქტორო დი­სერტაცია („ქართული ისტორიული რომანის განვითარების გზები").

მისი პირველი სამეცნ. გამოკვლე­ვა „კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში (1912–13 წწ.)" გამოქვეყნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში 1978; პირველი მონოგრაფია „ქართული ისტორიული რომანის განვითარება (მ. ჯავახი­შვი­ლი, კ. გამსახურდია, გ. აბაშიძე, ო. ჭილაძე, ჭ. ამირეჯიბი)" – ბერლინში 1993.

ი.-ხ. თავის მეუღლესთან, ა. ხოტივართან ერთად მუშაობს ჰუმბოლდტის სახ. უნ-ტში, იკვლევს უახლესი ქართ. ლიტ-რის განვითარების გზებს, გერმ. პრესაში სისტემატურად აქვეყნებს ქართ. ლიტ-რის და ქართვ. მწერლების შე­სა­ხებ სტატიებს, რეცენზიებს, ქართვ. მწერალთა ნაწარმოებების თარგმანებს (ი. ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ა. წერეთელი, გ. ტაბიძე, ა. კალანდაძე, ნ. დუმბაძე, ი. აბაშიძე და სხვ.). მისი სტატიები იბეჭდებოდა ქართ. ჟურნალებშიც („კრიტიკა", „ცისკარი").

ი.-ხ-მა ე. ხინთიბიძის დახმარებით მოიპოვა და მასთან ერთად 2005 სა­ქართვე­ლო­ში გამოსცა XX ს. 50-იან წლებში მ. პრიტვიცის მიერ გერმანულ ენაზე შესრულებული „ვეფხისტყაოსნის" თარგმანი. იგივე თარგმანი 2011 გამოიცა ბერლინში. ი.-ხ. ჰუმბოლდტის უნ-ტში უცხოელებს ქართ. ენას ასწავლის. 2010 გამოსცა წიგნი „ქართული სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლო სპეციალურად უცხოელებისათვის", რ-ის პრეზენტაციაც თბილისში გაიმართა.

2005–12 იყო გერმანულ­ენოვანი ქართველოლოგიური ჟურნ. „გე­ორგიკის" რედაქტორი (მ. ლორთქიფანიძესთან ერთად).

ი.-ხ. გერმანიაში ქართული კულ­ტურის ელჩია.

თხზ.: კავკასიის ხალხთა ლიტერატურები, ვისბადენი, 2003; ქართველები ბერლინში. 1999, ბერლინი, თბ., 2001; ქართული ზმნის ტაბულები, ჰამბურგი, 2010 (თანაავტ.: დ. მე­ლიქიშვილი, ი. ვიტ­კე).

ე. ხინთიბიძე