იუნესკო

იუნესკო (United Nations Educational, Scientific and Cultural Organization –UNESCO), გაეროს გა­ნათ­ლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია. დაარსდა 1945 წ. 16 ნოემბერს, როდესაც ქ. ლონდონში გამართულ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციაზე 37 ქვეყანამ ხელი მოაწერა ი-ს კონსტიტუციას. 1946 წ. 4 ნოემბერს ოცმა სახელმწიფომ მოახდი­ნა დოკუმენტის რატი­ფი­ცი­რე­ბა, ხოლო 19 ნოემბერს პარიზში გაიხსნა ი-ს გენერალური კონფერენ­ცი­ის პირველი სესია და, შესაბამისად, დაიწყო ორგანიზაციის ოფიციალური ფუნქციონირება.

დღეს ი., როგორც წამყვანი და განსაკუთრებული კომპეტენციის მქონე საერთაშ. ორგანიზაცია განათ­ლე­ბის, მეცნიერების, კულტურის, კომუნიკაციისა და ინფორმაციის კუთხით, აერთიანებს მსოფლიოს 195 წევრ ქვე­ყა­ნას. მისი მთავარი მიზანია მშვიდობის, ხალხთა და კულტურათა შორის დიალოგის ხელშეწყობა სა­ყო­ველთა­ოდ აღიარებული ფასეულობების პატივისცემის გზით. წევრი ქვეყნების, ასევე დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნების დე­ლეგა­ცი­ები, მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციები იკრიბებიან ი-ს სათავო ოფისში (ქ. პარიზი), რათა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიიღონ გენერალური კონფერენციის სესიის მუ­შა­ო­ბაში. კონფერენცია იმართება ორ წელიწადში ერთ­ხელ, განსაზღვრავს ორგანიზაციის პოლიტიკას და მისი მუშა­ო­ბის ძირითად მიმართულებებს, ამტკიცებს ორწლიან პროგრამასა და ბიუჯეტს, ირჩევს ორგანიზაციის მმართველი (აღმასრულებელი საბჭო) ორგანოს წევრებს და ოთხ წელიწადში ერთხელ ნიშნავს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს. ორგანიზაციის სამუშაო ენებია – არა­ბუ­ლი, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო  ი-ს შეუერთდა 1992. ამავე წელს, სა­ქარ­თველოსა და ი-ს შორის თანამშრომლობის ხელ­შე­წყო­ბის მიზნით, ­დაარსდა საქართველოს ი-ს საქმეთა ეროვნული კომისია და ქვეყანა სრულფასოვნად ჩაერთო ორგანიზაციის ძირითად პროგრამებსა და პროექტებში. 1994 ნოემბერში სა­ქარ­თვე­ლოსა და ი-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რ-ის მიხედვითაც ორგანიზაციამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იკისრა საქარ­თვე­ლოსთან თანამშრომლობის ხელ­შე­წყო­ბის და, ქვეყნის პრიორიტეტული საჭიროებების გათვალისწინებით, რეგულარული და დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მობილიზების ვალ­დე­ბულე­ბა. 1992-იდან სა­ქართვ. დელეგაცია მუდმივად მონაწილეობს გენერალური კონფერენციის სესიების მუ­შა­ო­ბაში, მათ ფარგლებში ჩატარებულ არჩევნებში და პერიოდულად წარ­მო­დგე­ნი­ლია ორგანიზაციის როგორც მმართველ, ისე დამხმარე ორგანოებში. სა­ქარ­თვე­ლო აქტიურად თანამშრომლობს ი-სთან „მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში, რაც ორგანიზაციის მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალებაა. ორ წელიწადში ერთხელ ქვე­ყა­ნას აქვს შესაძლებლობა განახორციელოს ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტები, რ-ებიც სრულად შეესაბამება ი-ს პრიორიტეტებს. ორ წელიწადში ერთხელ ი. აქტიურად მონაწილეობს წევრ ქვეყნებში ღირსშესანიშნავი ისტ. მოვლენებისა თუ გამოჩენილი პირების იუბილეთა აღნიშვნაში, რაც, თავის მხრივ, ამ მოვლენებს მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს. წლების განმავლობაში ორგანიზაციის ეგიდით სა­ქარ­თვე­ლო­ში აღინიშნა „შუშანიკის წამების" 1500 წლის იუბილე (1978), სა­ქართვე­ლოს ­სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და ქუთაისის სა­ქართვე­ლოს დედაქალაქად გამოცხადების 1000 წლისთავი (1995); ნ. ფიროსმანის დაბადებიდან 130 წლისთავი (1996); ვახუშტი ბაგრატიონის 300 წლისთავი (1997); სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რება­­ თა ეროვნ. აკადემიის 55 წლის იუბილე (1997); სა­ქარ­თვე­ლოს დამოუკიდებლობის 80 წლისთავი (1998); არნ. ჩიქობავას დაბადებიდან 100 წლის იუბილე (1998); თბილისის კლასიკური გიმნაზიის 200 წლისთავი (2000); ფრანგი ორიენტალისტის და ქართველოლოგის მ. ბროსეს 200 წლისთავი (2002); ბაგრატის საკათედრო ტაძრის აღმშენებლობის 1000 წლის იუბი­ლე (2003); სა­ქარ­თვე­ლოში ქრისტიანობის გავრცელების 2000 წლის იუბილე (2004); გელათის მონასტრის მშენებლობის 900 და ჯვრის მონასტრის მშენებლობის 1500 წელი (2006–07); ვ. ჭაბუკიანის დაბადებიდან 100, ვაჟა-ფშაველას 150 და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის აღმშენებლობის 1000 წლის იუბილეები (2010–11); „ვეფხისტყაოსნის" პირველი ბეჭდური გამოცემის 300, ნ. ფიროსმანის დაბადებიდან 150 და ე. თაყაი­შვი­ლის დაბადებიდან 150 წლისთავი (2012–13); ა. წერეთლის გარდაცვალების 100 წლისთავი (2015), ნ. ბარათა­შვილის დაბადებიდან 200 წლისთავი (2017).

მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტური მე­მკვი­დრე­ო­ბის – ხელნაწერების, აუდიოვიზუალური მასალის, ბიბლიოთეკებისა და არქივების ექსპონატების კოლექციების ხელმისაწვდომობისა და დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა ი-ს მსოფლიო საერთაშ. დოკუმენტური რეესტრი, სადაც შეტანილია შემდეგი ქართული ნომინაციები: „სა­ქარ­თვე­ლოს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები" (რვა ხელნაწერი, 2015); ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა", „გეოგრაფიული ატლასი" და „ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერების კოლექცია (2013); „ბიზანტიური პერიოდის ქართული ხელნაწერები" (2011). სა­ქართვე­ლო ი-ს 12 კონვენციის წევრი ქვეყანაა და შესაბამისად, აქტიურად თანამშრომლობს კონვენციების ძირითადი მოთხოვნების შესრულების მხრივ.

1993-იდან სა­ქარ­თვე­ლო არის მსოფლიო კულტურულ და ბუნებრივ ფასეულობათა დაცვის კონვენციის წევრი. კონვენციის ფარგლებში შექმნილია ი-ს მსოფლიო მე­მკვი­დრე­ო­ბის სია, სადაც წარმოდგენილ მსოფლიო ძეგლებს შორისაა სა­ქარ­თვე­ლოს კულტურული მე­მკვი­დრე­ო­ბის 3 ნომინაცია: 1. მცხეთის ისტორიული ძეგლები: ჯვარი, სვეტიცხოველი (1994); 2. ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექ­სი (1994; 2015-იდან ბაგრატის საკა­თედრო ტაძარი რესტავრაციის შემდეგ ამოიღეს ნუსხიდან); 3. ზემო სვა­ნეთი (1996), ჩაჟაშის კომპლექსი, მესტიის მუნიციპა­ლი­ტეტი. ო. თაქთაქი­შვი­ლი იყო ი-სთან არსებული საერთაშ. მუს. საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, ვ. კოტეტი­შვი­ლი (1997იდან) – ი-ს ხალ­ხუ­რი ხელოვნების საერთაშ. ასოციაცია „იოფას" საქართვ. ­განყ-ბის პრეზიდენტი. ჯ. ლეჟავას მიღებული აქვს ი-სგან „მსოფლიო სპორტსმენის" დიპლომი. 2007-იდან სა­ქარ­თვე­ლო არის არამატერ. კულტ. მე­მკვი­დრე­ო­ბის დაცვის კონვენციის წევრი. 2007-იდან შატილი შეყვანილია ი-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. კონვენციის ფარგლებში შექმნი­ლია არამატერ. კულტ. მემკვი­დრე­ო­ბის ვრცელი სია, რ-შიც წარ­მო­დგე­ნი­ლია 2 ქართ. ნომინაცია: 2001 ქართ. მრავალხმიანობა ი-მ აღიარა როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერ. მე­მკვიდრე­ო­ბის შედევრი, ხოლო 2008, არა­მატერ. კულტ. მე­მკვიდრე­ო­ბის დაცვის კონვენ­ციაზე სა­ქარ­თვ. მიერთების შემდეგ, ქართული მრავალხმიანობა შეტანილია არამატერ. კულტ. მე­მკვიდრე­ო­ბის წარმომადგენლობით სიაში. 2013 ამავე სიაში შეტანილია ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქარ­თ. ტრად. მეთოდი. 2014 ი-ის ეგიდით რ. სტურუას მიენიჭა მსოფლიო თეატრის ელჩის წოდება. 2015 წ. 19 მარტს „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას" არამატერიალური მემკვიდროების ეროვ­ნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2017 ი-ს მიერ აღიარებულ ძეგლ­თა სიაში შეიტანეს მცხეთის სამდინარო-სანაოსნო პორ­ტი (კონკრეტულად მცხეთის ახალი ნავსადგური) და ენგურჰესის ტურისტული ცენტრი, 2018 – ბაღდათის მუ­ნიციპალიტეტის სოფ. ხანში არ­სებული ყველის დამზადებისა და ქვევრში ხანგრძლივი ვადით შენახვის მეთოდი, 2019 კი – სვანეთის კოშკები, რ-საც ევროპელები ქართულ ჩინურ კედელს უწოდებენ.

სა­ქარ­თვე­ლო, როგორც შეია­რაღებული კონფლიქტების დროს კულტურული მე­მკვი­დრე­ო­ბის დაც­ვის 1954 ჰააგის კონვენციის და მისი მეორე ოქმის წევრი ქვე­ყანა, აქტიურად მუშაობს სა­ქართვ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ­სებული კულტურული მე­მკვი­დრე­ობის ძეგ­ლე­ბის დაცვის საკითხზე. მისი მიზანია ორგანიზაციის ინფორ­მირებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა.

ორგანიზაციის მიზნებისა და ღირებულებების პოპულარიზაციისა და მსოფლიოში გა­ნათ­ლე­ბის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ი-ს წევრ ქვეყნებში შექმნილია ი-ს ასოცირებულ სკოლათა და კათედრების ქსელი, რ-ებიც გაეროს ეგიდით ფუნქციონირებენ. სა­ქართვე­ლოს ასოცირებულ სკოლათა ქსელი აერთიანებს რო­გორც დედაქალაქის, ისე რეგიონების 25 სკოლას, ხოლო თსუ-ისა და სტუ-ის ბაზებზე ფუნქციონირებს შესაბამისი კათედრები. 2015 იანვარში სა­ქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, პირველად სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიაში, გამოჩენილ ქართვ. პიანისტ ე. ბოლქვაძეს მი­ე­ნიჭა წოდება „იუნესკოს ხელოვანი მშვი­დობისათვის". ამით ქართვ. ხელოვანი შეუერთდა მსოფლიოში გამოჩენილ იმ პიროვნებათა სიას, რ-ებსაც საკუთარი სახელით, დამსახურებით და მაღალი რეპუტაციით შეაქვთ თავიანთი წვლილი ორგანიზაციის ფასეულობების პოპულარიზაციის საქმეში. საქარ­თვე­ლოს მუდმივი წარმომადგენლები ი-ში იყვნენ გ. ჩოგოვაძე (1993–2004), ლ. ღოღობერიძე (2004), ნ. ჯაფარიძე (2004–07), მ. კუდავა (2007–12), ე. სირაძე-დელონე (2013–18). საქართველოს მუდმივი დელეგატი ი-ში არის ნ. ლაღიძე.

ი-ს უმაღლესი ორგანოა გენ. კონფერენცია, აღმასრულებელი – აღმასრ. საბჭო და სამდივნო. ი-ს სამდივნოს ხელმძღვანელობს გენ. დირექტორი, შტაბ-ბინა პარიზშია. ი-ს გამოცემაა „იუნესკოს კურიერი" (15 ენაზე).