იუსტინე II (Justinus) (520 – 5. X. 578, კონსტანტინოპოლი), ბიზანტიის იმპერატორი (565–578).
571 ქართლში გურგენის მეთაურობით იფეთქა აჯანყებამ ირანელების წინააღმდეგ (იხ. გურგენის აჯანყება VI ს. 70-იანი წლებისა). აჯანყებულებმა ი. II-ს მფარველობაში მიღება სთხოვეს. კეისარი მათ დახმარებას შეჰპირდა, რომ „რამდენადაც ეს მისთვის შესაძლებელი იქნებოდა, ყოველგვარ საშუალებას იხმარდა, რათა დაეპყრო თვით მათი სამშობლო; თუ ის ვერ შეძლებდა ბოლომდე მიეყვანა ომი, ამ აჯანყების მოთავეებს და მათ ნათესავებს, იმათ, ვინც მოისურვებდა რომაელების სახელმწიფოს მოქალაქეობას, არასდროს არ გასცემდა".
ი. II-მ გაითვალისწინა ქართლის ერისთავთა თხოვნა – მათ მიერ წამოყენებულ კანდიდატს და ბიზანტიელთათვის სასურველ პირს, ქართ. წყაროებით ის უნდა იყოს ქართლის ერისმთავარი გუარამი, კურაპალატის პატივი მიანიჭა და ქართლის უმაღლეს ხელისუფლად ცნო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ირანელთა წინააღმდეგ მებრძოლ ქართლს სათავეში ჩაუდგა არა სუვერენი „მეფე", არამედ კურაპალატის ტიტულის მქონე კეისრის წარმომადგენელი და მოხელე.
ი. II-ის დროს გაგრძელდა დავა სვანეთის საკითხზე ბიზანტია-ირანს შორის. სპარსელებმა ბიზანტიას ლაზიკა დაუთმეს სვანეთის გარეშე, რ-საც ბიზანტიისთვის სატრანზიტო გზის მნიშვნელობა ჰქონდა.
წყარო: მენანდრე პროტიქტორი, წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, ტფ., 1936; ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი ვ., ბიზანტიური ცივილიზაცია, თბ., 2006; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973.
ლ. მანიავა