იუსტინიანე I (Flavius Petrus Sabbatius Justinianus) დ ი დ ი [11. V. 482, ტაურეზიუმი (ზემო მაკედონია), – 14. XI. 565, კონსტანტინოპოლი], ბიზანტიის იმპერატორი 527–565, წმინდანი, წარმოშობით ილირიელი გლეხი.
გაზარდა ბიძამ – იმპ. იუსტინე I-მა, მიიღო ბრწყინვალე განათლება. გაატარა მრავალი რეფორმა. დაპყრობითი ომების შედეგად (533–555) ხმელთაშუა ზღვის აუზი მთლიანად ბიზანტიას დაუმორჩილა.
ი. I. თითქმის მთელი თავისი მმართველობის პერიოდში ებრძოდა სასანურ ირანს. ამ ომის ერთერთი ძირითადი ასპარეზი იყო სამხრ. კავკასია, კერძოდ, ეგრისის (ლაზიკის) სამეფო. სასანური ირანის შემოჭრის შიშით დაიწყო ეგრისის გამაგრება და მის ციხესიმაგრეებში (სკანდა, შორაპანი, ცხუმ-სებასტოპოლისი და პიტიუნტი) ბიზანტ. გარნიზონები ჩააყენა, პეტრაში (ახლანდ. ციხისძირი) დასვა თავისი სტრატეგოსი, რ-იც გარნიზონით და სათანადო უფლებებით აღჭურვა. პეტრას სიმაგრე ქალაქად აქცია და უწოდა თავისი სახელი. პირველად ბიზანტიის იმპერიას მან დაუმორჩილა ჭანეთი. აბაზგიაში (აფხაზეთში) გაავრცელა ქრისტიანობა, აუშენა მათ ეკლესია, დაუწესა მღვდელმსახურება და ეგრისის ხელისუფლების საპირისპიროდ იქ უშუალო მმართველობა დაამყარა. ეგრისში საფორტიფიკაციო მშენებლობას ეწეოდა.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; წმიდანთა ცხოვრება, ტ. 4, თბ., 2003.
ნ. ლომოური