იუსტიციის უმაღლესი საბჭო ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ი, სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო, რ-საც ეკისრება სასამართლო ხელისუფლების თვითრეგულირებისა და თვითკონტროლის ფუნქციის ეფექტიანად განხორციელების პასუხისმგებლობა.
ი. უ. ს. არის საქართვ. კონსტიტუციის (მ. 86-1) საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო, თუმცა თავდაპირველად იგი ჩამოყალიბდა საქართვ. პრეზიდენტის სათათბირო ორგანოდ.
საბჭოს მიზნები და ამოცანები განსაზღვრულია საქართვ. კონსტიტუციითა და ორგ. კანონით საერთო სასამართლოების შესახებ (მმ. 47–53).
საბჭო ხელმძღვანელობს თავისი რეგლამენტით, რ-საც თვითონვე ამტკიცებს; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა უზენაესი სასამართლოს წევრებისა), მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას, ორგანიზაციას უკეთებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებას და განსაზღვრავს საგამოცდო კომისიის შემადგენლობას; შეარჩევს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩასარიცხ კანდიდატებს; შეიმუშავებს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს, განიხილავს სასამართლო სტატისტიკის მასალებს; წყვეტს მოსამართლეთა მივლინებისა და წახალისების საკითხებს, განსაზღვრავს საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობას, ახორციელებს მათი საქმიანობის პროფესიულ შეფასებასა და საგამოცდო ვადით დანიშნული მოსამართლეების მონიტორინგს. გარდა ამისა, შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე და ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
საბჭო შედგება 15 წევრისაგან. შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ მოსამართლეები, რ-ებიც არჩეული არიან თვითმმართველობის ორგანოს – საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. მათი შემადგენლობიდან კონფერენცია ირჩევს საბჭოს მდივანსაც. 5 წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართვ. პარლამენტი, ხოლო ერთ წევრს ნიშნავს საქართვ. პრეზიდენტი. პარლამენტისა და პრეზიდენტის მონაწილეობა ი. უ. ს-ს დაკომპლექტებაში წარმოადგენს ხელისუფლების განშტოებათა შორის კონტროლისა და ბალანსის სისტემის ნაწილს და იმას ემსახურება, რომ სასამართლო არ გადაიქცეს დახშულ სივრცედ, კონტროლისაგან მოწყვეტილ ინსტიტუციად და საბჭოში ჯეროვნად იქნეს წარმოდგენილი საზ. ხედვა სასამართლოს პრობლემების და სამართ. სისტემის სრულყოფის საკითხზე.
ი. უ. ს-ს თავმჯდომარეობს საქართვ. უზენაესი სასამართლოს თავ-რე. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საბჭოს წევრობა შეუთავსებელია პოლიტ. საქმიანობასთან. მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, მაგ., მოსამართლეთა დანიშვნა, გათავისუფლება და დისციპლინური სამართალწარმოება, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს 2/3-ის უმრავლესობით, დანარჩენ საკითხებზე კი – უბრალო უმრავლესობით.
მიუხედავად იმისა, რომ ი. უ. ს-ს სტრუქტურა, საქმიანობის წესი და ფუნქციები ძირითადად შეესაბამება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის საყოველთაო პრინციპებს, მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევრ. ქარტიისა (1998) და „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და როლის შესახებ" ევრ. საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის [No.R(94)12] მოთხოვნებს, საქართვ. იურიდ. წრეებში მომწიფებულია აზრი, რომ საჭიროა საბჭოს საქმიანობის ქმედითობის ამაღლება გამოყენებული პროცედურების ობიექტურობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესების გზით.
ე. გოცირიძე