იქთიოლოგია (ბერძნ. Ichthys – თევზი და logos – სიტყვა, მოძღვრება), ზოოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს თევზებს და მრგვალპირიანებს, მათ სისტემატიკას, აგებულებას, ცხოვრების წესს, გავრცელებას, ევოლუციას.
თევზები ხერხემლიანთა შორის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ჯგუფია. დღეისათვის შესწავლილია მათი 30 ათასამდე სახეობა. კაცობრიობა უხსოვარი დროიდან მისდევს აკვაკულტურას – წყლის ორგანიზმების მოშენებას და გამრავლებას როგორც სამეურნეო, ასევე დეკორ. მიზნით. ადამიანი ქვის ხანიდან იყენებდა თევზს არა მარტო საკვებად, არამედ მისი ფხებისგან ამზადებდა ნემსებს, მსხვილი ძვლებისგან – ისრის პირებს.
ჯერ კიდევ 3500 წლის წინ, ძველ ეგვიპტეში საკულტო, ასევე საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ხორციელდებოდა დაკვირვება თევზების სხვადასხვა სახეობაზე. 2000 წლის წინ ჩინეთში გამოიყვანეს კობრის შინაური სახეობა და ვერცხლისფერი კარჩხანასაგან მიიღეს ოქროს თევზის ნაირსახეობა. არისტოტელემ ძვ. წ. IV ს. თევზები გამოყო წყლის ხერხემლიანთა ცალკე ჯგუფად. უძველესი წიგნი მეთევზეობის შესახებ ჩინელებს ეკუთვნით და თარიღდება 475 წლით. ძვ. ევროპაში თევზის მოშენების პირველი მცდელობის შესახებ შეიძლება ამოვიკითხოთ რომაელი მწერლების ნაწარმოებებში. პლინიუსის გადმოცემით, ძველ რომში აუზებში ინახავდნენ მრავალი სახეობის თევზს, მ. შ. მურენებსაც კი. შემდგომი პერიოდის ევროპაში სატბორე მეურნეობის გაშენებასა და თევზების გამრავლების საკითხში დიდი წვლილი მიუძღვის საფრანგეთის მეფე კარლოსს, რ-მაც იმპერატორად გახდომისთანავე გამოსცა ბრძანება: „თითოეული მბრძანებელი ვალდებულია თავის სავარგულზე გააჩნდეს თევზის მოსაშენებელი ტბორი".
ამიერკავკასიაშიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მეთევზეობა ჯერ კიდევ ზემო პალეოლითის ხანიდანაა ცნობილი. ამაზე მიუთითებს ქვის, რქის, ძვლის ბარჯისა და ანკესების არქეოლ. მონაპოვარი. საქართველოს წყალსატევები და იქთიოფაუნა თავის ნაშრომებში ზუსტად აღწერა ვახუშტი ბატონიშვილმა. თევზის პროდუქტების დამუშავება საქართველოში შუა საუკუნეებიდან დამკვიდრდა. მდ. რიონის ზუთხისნაირთა რეწვის თაობაზე მონაცემები და ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნა ზუთხის ქვირითის დამზადების შესახებ XVIII ს. II ნახევარს ეკუთვნის. ქართვ. მეცნიერები თევზის რეწვის უფრო ადრეულ პერიოდსაც აღწერენ.
საქართვ. იქთიოფაუნის მეცნ. შესწავლა XVII ს-იდან დაიწყეს უცხოელმა მეცნიერებმა და მოგზაურებმა: ა. ნორდმანმა, კ. კესლერმა, ფ. შტონდახნერმა, ი. გიულდენშტედტმა, გ. რადემ, ფ. კავრაისკიმ, ი. არნოლდმა, ვ. მარტიმ; მილანელმა მისიონერმა და მოგზაურმა ჯ. ჯუდიჩემ, ჟ. შარდენმა. იმავეს იუწყება. საქართველოს იქთიოფაუნის რეწვის საკითხებზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ იოანე ბატონიშვილი, ი. ფორტუნატოვი, ა. სადოვსკი, ლ. არნოლდი, ე. კულაკოვა, ნ. ვახვახიშვილი, რ. შავერდაშვილი. შავი ზღვის, მდინარეებისა და ტბების იქთიოფაუნა გამოიკვლიეს გ. ბარაჩმა, მ. ტიხიმ, რ. ელანიძემ, მ. დემეტრაშვილმა, ვ. შერვაშიძემ, ო. ბურჭულაძემ, ნ. ნინუამ, გ. ბურჯანაძემ, ჯ. მესხიძემ, რ. შავერდაშვილმა, ა. კოხიამ, ლ. ნათაძემ, ო. ჯაფოშვილმა, ბ. ჯაფოშვილმა, ო. გოგმაჩაძემ, ა. კომახიძემ, რ. გორაძემ, მ. შავლაყაძემ, თ. ქოქოსაძემ, ლ. გოლეთიანმა, პ. ხელაძემ, ა. გუჩმანიძემ და სხვ.
1852 თბილისში შეიქმნა კავკასიის მუზეუმი, რ-ის ზოოლოგიური ფონდები იქთიოლოგიური მასალით გაამდიდრეს ცნობილმა მეცნიერებმა: გ. რადემ, ფ. კავრაისკიმ, კ. სატუნინმა, ა. შელკოვნიკოვმა, პ. შიდტმა, ვ. მარტიმ, ვ. როსტომბეკოვმა, რ. ელანიძემ, მ. დემეტრაშვილმა. ბოლო 45 წლის განმავლობაში (1969–2015) ნ. ნინუას მიერ შეივსო და გამდიდრდა ფონდები შავი ზღვისა და მტკნარი წყლების იქთიოლოგიური მასალით (600-ზე მეტი).
1931-იდან იქთიოლოგიის დარგში დიდი სამეურნეო სამუშაოები ჩატარდა ბათუმის თევზის მეურნეობისა და ოკეანოგრაფიის სრულიად საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის საქართველოს განყ-ბაში; საქართველოს ს. ჯანაშიას სახ. სახელმწიფო მუზეუმის ზოოლოგიის განყ-ბაში; თსუ-სა და პედ. ინ-ტების ზოოლოგიის კათედრებზე. საქართველოში 1932 ლანჩხუთის რ-ნის სოფ. ჯაპანაში აშენდა დიდი სატბორე მეურნეობა, რ-საც სარეალიზაციოდ გაჰქონდა როგორც მოზარდი, ასევე სასაქონლო კობრი. 1955 დამთავრდა შავწყალას საკალმახე მეურნეობის მშენებლობა. 1978 მდ. რიონზე, სოფ. გეგუთში აშენდა ზუთხსაშენი ქარხანა, სადაც დღემდე მიმდინარეობს თევზების ხელოვნური აღწარმოება.
ნ. ნინუა