იღუმენი (ბერძნ. hēgumenos – წინამძღოლი), მართლმადიდებელი მონასტრის წინამძღვარი, ზემდგომი.
ი. უფრო თანამედროვე ტერმინია. იგი არ გვხვდება ძველ ქართულ ტექსტებში. შესაბამისად, ამ სიტყვას არ იხსენიებს ს.-ს. ორბელიანი თავის ცნობილ „სიტყვის კონაში" და არც ი. აბულაძეს აქვს შეტანილი „ძველი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში". ძველ ქართულში ი-ის შესატყვისი იყო „მამასახლისი". ეს კარგად ჩანს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან", სადაც გადმოცემულია, თუ როგორ ააშენა გრიგოლ ხანძთელმა უბისის მონასტერი „და ილარიონ ვინმე, იერუსალიმით მოსრული, სარწმუნო მოხუცებული, დაადგინა მამასახლისად". ი-ის ფუნქციებში შედის მონასტრის საძმოზე ზრუნვა, სამონასტრო ტიპიკონის დაწესება და მონასტრის მატერ. მხარის მოწესრიგება.
ლიტ.: ქართული კლასიკური მწერლობა. გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, ტ. 1, თბ., 2010.
მამა გიორგი (ვაშალომიძე)