არქეოლოგიური ძეგლები იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. 1938 მცირე გათხრები ჩაატარა თელავის სახელმწიფო ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმმა (ხელმძღვ. – ა. მამულაშვილი, კონსულტანტი – გ. ჩუბინაშვილი).
1966 შოთა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით საქართვ. კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სამმართველოს სამეცნ.-სარესტავრაციო სახელოსნომ იყალთოს მონასტრის გალავნის შიგნით ჩაატარა სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები (ხუროთმოძღვარი – გ. ჭეიშვილი). ამასთან დაკავშირებით ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი) ჩაატარა არქეოლ. კვლევა-ძიება მონასტრის სხვადასხვა მონაკვეთში. პირველი უბანი მოიცავდა საკუთრივ აკადემიას თაღიანი საწნახლითა და ე. წ. სატრაპეზოთი. გაითხარა თაღიანი საწნახლის II სართული, სადაც გაიწმინდა კლდის ქვებით ნაგები შუასვეტიანი დიდი დარბაზი. აკადემიის სენაკებიდან დიდი მუშაობა ჩატარდა ბუხრიანი დარბაზის I სართულზე. დარბაზის ცენტრში გამოვლინდა დედაბოძი და კარიბჭის მრავალსვეტიანი დერეფანი ჩრდ. მხრიდან. მონასტრის ამ მონაკვეთში გამოვლინდა ასევე მოუჭიქავი და მოჭიქული თიხის ჭურჭლისა და ქვევრის ნატეხები, თონე, ჩიბუხები, ვაზის სასხლავი რკინის დანა და სხვ. აღმოჩენილია ბრტყელი და ღარიანი კრამიტები ასომთავრული რელიეფური წარწერებით, სადაც ხშირად მოიხსენიება სახელი იოანე. აღნიშნული მასალა განეკუთვნება შუა საუკუნეების სხვადასხვა ეტაპს.
მეორე უბანზე – ფერისცვალების ეკლესიის აღმ-ით – გაითხარა მოზრდილი ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რ-ის ცენტრ. დარბაზს აქვს ბუხარი და ორი სასურსათო ხარო. ეს ნაგებობა, სავარაუდოდ, ორსართულიანი იყო. თავის დროზე მოხატული ყოფილა, რაზედაც მეტყველებს დარბაზის შიგნით აღმოჩენილი მოხატული ბათქაშის მოზრდილი ფრაგმენტები. გამოვლენილია IX–X სს. მოუჭიქავი თიხის ჭურჭლისა და კრამიტის ნატეხები, რ-თა წარწერებში კვლავ გვხვდება სახელი იოანე. მასალა ინახება იყალთოში. 2007–09, მონასტრის მთ. ეკლესიის რესტავრაციასთან დაკავშირებით, მიმდებარე ტერიტზე ჩატარდა არქეოლ. გათხრები (ხელმძღვ. კ. წერეთელი). აღმოჩენილია უძველესი მარანი, რამდენიმე სამლოცველოს და სხვადასხვა შენობის ნაშთები, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ვერცხლისა და ბრინჯაოს მონეტები.
ლიტ.: ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988; მამულაშვილი ალ., იყალთოს აკადემია, თბ., 1948; რამიშვილი რ., ჭეიშვილი გ., აღდგენითი მუშაობა და მასთან დაკავშირებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება იყალთოში 1966 წელს. – XVI სამეცნიერი სესია, მიძღვნილი 1966 საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი. მოკლე ანგარიშები, თბ., 1967; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 1-II, თბ., 2015.
რ. რამიშვილი
ბ. ჯორბენაძე