იშტვანოვიჩი მარტონ (15. IX. 1930, ბუდაპეშტი, – 7. IV. 1991, იქვე), უნგრელი ფოლკლორისტი, ქართველოლოგი, მთარგმნელი. უნგრ. მეცნ. აკად. ეთნოგრაფიის ინ-ტის ფოლკლორის განყ-ბის გამგე.
1955–59 სწავლობდა თსუ-ის ასპირანტურაში ფოლკლორის განხრით. 1959 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე «„სქესის მეტამორფოზის" სიუჟეტიანი ზღაპრის ქართული ლოკალური რედაქციის გენეზისის პრობლემა».
1968 უნგრ. მეცნ. აკად. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კრებულში გამოაქვეყნა ნაშრომი ქართ. ხალხ. პოეზიის შესახებ, რ-შიც საფუძვლიანადაა გაანალიზებული „არსენას ლექსი" და გურული „ფირალის ეპოსი".
ი-მა თარგმნა ქართ. ხალხ. ზღაპრები [გამოიცა ბუდაპეშტში სათაურით „მეფე და ტოროლა" (1958)]; ს.-ს. ორბელიანის, ა. წერეთლის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის თხზულებანი; პოეტ მარტონ კალაშთან ერთად – ი. ჭავჭავაძის პოემები: „აჩრდილი", „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ" და „განდეგილი" (გამოიცა ბუდაპეშტში სათაურით „ღამის მხედარი", 1961).
ქ. სიხარულიძე