იშხნელი ოთარ სიმონის ძე (20. IV. 1921, სოფ. ჩხარი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 1992), საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საფრანგეთის არმიის პოლკოვნიკი. ქ. ლვოვში დაამთავრა სამხ. სამეთაურო კურსები. 1939 გაიწვიეს სავალდებულო სამხ. სამსახურში. II მსოფლიო ომის (1939–45) დაწყებისთანავე ჩაება ბრძოლებში ბროდის, ლვოვის, ტერნოპოლის, ჟიტომირის, კრემენჩუგის, პოლტავის, ბოგოლიუბოვოს და ხარკოვის მიმართულებით.
1941 ჩავარდა ტყვედ. იმყოფებოდა ხარკოვის, პოლტავის, კრემენჩუგის ტყვეთა ბანაკებში. თავდაპირველად გადაიყვანეს რუმინეთში, ხოლო 1943 ბოლოს – სამხრ. საფრანგეთში; 1942-იდან იყო ტყვეთა ბანაკების არალეგალური ანტიფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 1944 დასაწყისში მისი ხელმძღვანელობით მოეწყო ტყვეთა აჯანყება, რ-იც გადაიზარდა პარტიზანულ მოძრაობაში ქ. კარბოსთან მდებარე „ლაპლანების ტყეში".
1944 აგვისტოში, როდესაც დაიწყო საფრ. წინააღმდეგობის მოძრაობის საერთო გამოსვლები, მათ უკვე გაერთიანებული ძალით აიღეს ქ. ალბი (დეპარტამენტის ცენტრი). წინააღმდეგობის შტაბმა ი-ს დაავალა რეგულარული სამხ. ფორმირების შექმნა. შეიქმნა პოლკი, რ-ის მეთაურად ი. დაინიშნა. პოლკში საბჭოთა მეომრებთან ერთად ირიცხებოდნენ ფრანგები, ესპანელები, პოლონელები, იუგოსლავები და სხვ. ი. ფრანგებისათვის ცნობილი იყო „მაკი ჟორჟიენის" სახელით. როცა ქ. ტულუზის განთავისუფლებისადმი მიძღვნილი დიდი აღლუმი გაიმართა, ტრიბუნაზე იდგნენ მარშალი დე გოლი, პოლკ. კენინგი და „მაკი ჟორჟიენი".
1945 ოქტომბერში ი. სამშობლოში დაბრუნდა. ტყვედ ყოფნის გამო იყო რეპრესირებული – მიესაჯა 20 წლით პატიმრობა. 1955 ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ი. დაჯილდოებულია საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი – ორდენით „სამხედრო ჯვარი ხმლითა და ვერცხლის ვარსკვლავით", „მამაცობის" ორდენით, და მედლით „წინააღმდეგობისათვის" და სხვ.
ლიტ.: ბ ი ბ ი ლ ე ი შ ვ ი ლ ი ი., „მაკი ჟორჟიენ", გაზ. «აჭარა», 1993, 18.IX; გ ა ვ ა შ ე ლ ი ვ., საზეიმო აღლუმი დე გოლთან ერთად ქართველმა მიიღო, გაზ. «კვირის პალიტრა», 2004, 15–21 III; ნიკოლაძე ფ., წითელარმიელი ქართველები ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობაში, [თბ.], 2009; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 8, თბ., 1980.
მ. ღვალაძე