იშხნის საეპისკოპოსო, ეპარქია ფეოდალურ საქართველოში. ცენტრი – იშხანი (ახლანდ. თურქ. ტერიტ.). მდ. ოლთისისწყლის (ახლანდ. ოლთუ-ჩაი) მარჯვ. სანაპიროზე.
დაარსდა IX ს. შუა წლებში, ბაგრატ I კურაპალატის ინიციატივით. პირველი ეპისკოპოსი იყო საბა იშხნელი, გრიგოლ ხანძთელის თანამოღვაწე.
ი. ს-ს ეპარქიაში შედიოდა ძვ. ქართ. პროვინციები: თორთომი, პარხალი და სხვ. ვახუშტის ცნობით, „იშხანს იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ისპირისა, თორთომისა, ბაიბურდისა, ვიდრე ტრაპიზუნდის მთამდე და აწ ცალიერ არს".
იშხნელს საკმაოდ საპატიო როლი ჰქონდა საქართველოს მეფეთა კურთხევისა და დარბაზობის დროს, ხოლო საეკლ. იერარქიაში კი რიგით მეათე იყო. იშხნის კათედრალურმა ტაძარმა და საეკლ. ცენტრმა მოქმედება XVII ს. II ნახ-ში შეწყვიტა. თურქთა ბატონობის პირველ ეტაპზე იშხნელ ეპისკოპოსებს თურქი სულთნები ამტკიცებდნენ.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941.
ლიტ.: ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი გ., ზაქარაია პ., ც ი ც ი შ ვ ი ლ ი ი., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, თბ., 2000.
დ. მუსხელიშვილი